ევრო 2025 | რამაზ სვანაძე - შანსის გამოყენებას აუცილებლად ვეცდებით #1TVSPORT
ევრო 2025 | რამაზ სვანაძე - შანსის გამოყენებას აუცილებლად ვეცდებით #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ კომენტარი გააკეთა ქუთაისში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 15 ოქტომბერს დაგეგმილ მატჩზე, რომლის მოგების შემთხვევაში გუნდი 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეი ოფში ითამაშებს.

„თამაშისთვის მზადება ნორმალურად მიმდინარეობს, თუმცა შვედეთთან ბოლო მატჩის შედეგიდან (2:3) გამომდინარე, მთელი გუნდი იმედგაცრუებული იყო. ამ თემაზე ფეხბურთელებთან ვისაუბრეთ, შევთანხმდით, რომ მსგავსი შედეგი ფეხბურთის ნაწილია. ჩვენი გუნდი ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს და ახლა ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი. არ გვაქვს უფლება, რომ ერთ მარცხს – ან, ზოგადად, წარსულს – რამე გადავაყოლოთ. შანსი გვაქვს და მის გამოყენებას აუცილებლად ვეცდებით.

იოლი მატჩი არ გველის, ამიტომ გულშემატკივარს ვთხოვ, რომ სტადიონზე მოვიდეს და მხარი დაგვიჭიროს. ჩვენი ფეხბურთელები ახალგაზრდები არიან, დიდი ფეხბურთში გამოცდილებას ახლა იღებენ და საკუთრ მოედანზე თამაშის დროს გულშემატკივრის მხარდაჭერა მათთვის ბევრს ნიშნავს“, – ამბობს სვანაძე.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შესარჩევ ჯგუფში 16 ქულით მესამე პოზიციაზეა. ჩრდილოეთ მაკედონიასთნ მოგების შემთხვევაში რამაზ სვანაძის გუნდი 19 ქულას დააგროვებს და ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში ითამაშებს.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის 21-წლამდელთა ნაკრებების შეხვედრა ქუთაისის „შენგელია არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.