ევრო 2024-ზე მომუშავე მსაჯების ვინაობა აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი #1TVSPORT
უეფა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩებზე მსაჯთა ბრიგადებს (მათ შორის, საქართველოს ნაკრების თამაშებზე) აპრილის ბოლოს დაამტკიცებს. ამის შესახებ უეფა-ს მსაჯთა განყოფილების ხელმძღვანელმა, რობერტო როზეტიმ დიუსელდორფში ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებების მწვრთნელებთან შეხვედრისას ისაუბრა.
„მსაჯებსაც ზუსტად ისეთივე სამუშაო გვაქვს, როგორიც თქვენ. ჩვენც ვემზადებით იმ გუნდის შესარჩევად, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე იმუშავებს. არჩევანი საუკეთესოებზე შეჩერდება, არანაირი სხვა პირობა არ არსებობს.
მსაჯისთვის პრობლემა მოედანზე მოთამაშის ცუდი ქცევაა. მწვრთნელები თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, ფეხბურთელებიც უფრო მშვიდად მოიქცევიან. გვსურს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ბარათების ზედმეტად გამოყენება თავიდან ავიცილოთ, მაგრამ ფეხბურთელების მხრიდან მიუღებელ ქცევას მყისიერად ვუპასუხებთ.
ჩემპიონატის დაწყებამდე უეფა-ს მსაჯთა კორპუსის სპეციალისტს ევროს ყველა მონაწილეს შეხვდება და მოთამაშეებს ტექნიკურ და დისციპლინარულ მოთხოვნებს დეტალურად გაეცნობს.
იმ არბიტრების ვინაობა, რომლებიც ევრო 2024-ზე იმუშავებენ, აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი. ჩემპიონატის განმავლობაში მსაჯები ფრანკფურტში დაბინავდებიან, ხოლო VAR-ის ასისტენტები – ლაიფციგში. 13-დან 16 მაისამდე მსაჯებისთვის ცალკე სემინარი მოეწყობა“, – განაცხადა როზეტიმ.