ევრო 2024-ზე გუნდებს განაცხადში 26 ფეხბურთელის შეყვანის უფლება ექნებათ #1TVSPORT
„სკაი სპორტის“ ინფორმაციით, უეფა თანახმაა, ევრო 2024-ზე მონაწილე გუნდებს განაცხადში 26 ფეხბურთელის შეყვანის უფლება ჰქონდეთ. აღნიშნული საკითხი უეფა-ს კომიტეტის სხდომაზე ორშაბათს განიხილება და მას მხარს დაუჭერენ.
26 ფეხბურთელის დარეგისტრირების უფლება, გამონაკლისის სახით, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ნაკრებებს პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების გამო ევრო 2020-ზე მისცა. მაშინ მატჩის დროს ცვლილებების რაოდენობაც ხუთამდე გაიზარდა.
მანამდე ნაკრებებს განაცხადში 23 ფეხბურთელის ყოლის უფლება ჰქონდათ, ხოლო მატჩების დროს, მაქსიმუმ, სამ ცვლილებას იყენებდნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი სწორედ განაცხადის გაზრდის იდეას ემხრობოდა უეფა-ს შეხვედრაზე, რომელიც აპრილის დასაწყისში გაიმართა.
ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისს დაიწყება, ხოლო ფინალური მატჩი 14 ივლისს გაიმართება.