ევრო 2024 | ყველა ნახევარფინალისტი გამოვლინდა - ნიდერლანდების ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და ინგლისს შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT

ევრო 2024-ზე მეოთხე ნახევარფინალისტი ნიდერლანდებისა და თურქეთის შეხვედრას უნდა გამოევლინა. ბოლო მეოთხედფინალურ მატჩში ნიდერლანდების ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ 0:1 მარცხდებოდა, მაგრამ მოახერხა თამაშის შემობრუნება, 2:1 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება.

 

ფაქტები

  • ბოლო შვიდ დიდ საფეხბურთო ტურნირზე ნიდერლანდების ნაკრები მეოთხედფინალში ხუთჯერ გავიდა. ბოლო ასეთი შემთხვევა 2022 წლის მუნდიალზე იყო, როდესაც ნიდერლანდები მომავალ მსოფლიო ჩემპიონთან, არგენტინასთან პენალტების სერიაში 2:4 დამარცხდა.
  • არდა გიულერი სამი მოთამაშიდან ერთ-ერთია, რომელმაც 20-წლამდე ასაკში (19 წლის) ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე, ამ ტურნირზე გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა. მანამდე ამის გაკეთება უეინ რუნიმ (19) და კრიშტიანო რონალდომ (19) მოახერხეს: რუნიმ ევრო 2004-ზე 4 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა, იმავე ტურნირზე რონალდომ 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
  • თურქეთმა ევრო 2024-ზე 20 ყვითელი ბარათი მიიღო. ჩეხეთის ნაკრებს ევრო 1996-ზე 19 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი ჰქონდა.
  • გუუს ჰიდინკი ერთადერთი ნიდერლანდელი მწვრთნელია, რომელსაც თურქეთის ნაკრების მწვრთნელად უმუშავია – იგი ამ პოსტს 2010 წლის აგვისტოდან 2011 წლის ნოემბრამდე იკავებდა.

36 წუთი’ – შეხვედრა ნიდერლანდელმა ფეხბურთელებმა აქტიურად დაიწეს, მაგრამ თურქებმა მოახერხეს თამაშის გათანაბრება, უპირატესობა მოიპოვეს და პირველი ტაიმის ბოლოს დაწინაურდნენ – არდა გიულერის მიერ შორეულ ძელთან ჩაწოდებულ ბურთზე ყველას სამეთ აკაიდინმა დაასწრო და თავური დარტმით ბურთი ზუსტად გადაგზავნა ვერბრუგენის კარში.

70 წუთი’ – მეორე ტაიმში ნიდერლანდების ნაკრებმა დიდი ძალებით შეუტია და ამან შედეგი გამოიღო – ნიდერლანდელებმა კუთხურიდან გაითამაშეს ბურთი, დეპაიმ საჯარიმოში ჩააწოდა, იქ ყველას და ვრაიმ დაასწრო და თავით გადაგზავნა ბურთი გიუნოქის კარში.

76 წუთი’ – ნიდერლანდების ნაკრებმა მეორე გოლი გაიტანა, მათი სწრაფი შეტევის შემდეგ დუმფრისმა ბურთი საჯარიმოში გაუშვა და თურქმა მცველმა, მერტ მულდურმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

ნიდერლანდების ნაკრები 10 ივლისს დორტმუნდში ინგლისის ნაკრებს შეხვდება. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.