ევრო 2024 | ვინჩენცო მონტელა - ევროპის ჩემპიონატზე მნიშვნელოვანი იქნება მოთამაშეთა ფიზიკური მომზადება #1TVSPORT
თურქეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ იტალიასთან ამხანაგური მატჩის (0:0) შემდეგ ცენტრალური მცველის, ოზან კაბაკის ტრავმასა და გუნდის მზადებაზე ისაუბრა.
„ოზან კაბაკის ტრავმა ძალიან სამწუხაროა. ის იმ დროს დაშავდა, როდესაც თავისი ოცნების ასრულებასთან ასე ახლოს იყო. სასიხარულო კი ის არის, რომ იტალიასთან გუნდური სულისკვეთება ვაჩვენეთ, რისი ნახვაც დიდი ხანია, მსურდა. მეტის გაკეთებაც შეგვიძლია და ამას ევროპის ჩემპიონატზე ველი. განსაკუთრებით კონტრშეტევების დროს ნახევარდაცვის თამაშს ვგულისხმობ. ამიტომ იტალიასთან მეორე ტაიმში უპირატესობა აბდულკადირ ომურს მივანიჭეთ – ის არის ფეხბურთელი, ვისაც შეუძლია, გუნდს ჩემთვის მისაღები ფეხბურთი ათამაშოს.
საბოლოო შემადგენლობის დასახელებისას განსაკუთრებულ ყურადღებას ფეხბურთელების ფიზიკურ მომზადებას მივანიჭებთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ევროპის ჩემპიონატი მაღალი დონის ტურნირია და ფეხბურთელი შესაბამისად მომზადებული უნდა იყოს.
ევრო 2024-ზე თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდია. ჩვენი მთავარი მიზანი ჯგუფური ეტაპის დაძლევა და პლეი ოფში თამაში იქნება“, – განაცხადა თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს 10 ივნისს პოლონეთთან გამართავს და ეს მათი ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა იქნება, შემდეგ კი ევრო 2024-ზე 18 ივნისს დორტმუნდში საქართველოს დაუპირისპირდება.