ევრო 2024 | ვილი სანიოლის პრესკონფერენცია - დასაკარგი არაფერი გვაქვს, ძალიან მიხარია, რომ ამ ტურნირზე თამაშის საშუალება კიდევ ერთხელ მოგვეცა #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთთან შეხვედრამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კიოლნის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა – ფრანგი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ გუნდი წარმატებულ სვლას განაგრძობს.
„პორტუგალიასთან გამარჯვება ძალიან ემოციური იყო, რადგან ამას არავინ ელოდა. ძალიან გვიხარია, რომ ისევ აქ ვართ. მხოლოდ ოთხი დღე გვქონდა ენერგიის აღსადგენად, ყველა ისურვებდა ორი დღით მეტს, მაგრამ არა მგონია, ეს პრობლემა იყოს. იმედი მაქვს, ფეხბურთელებმა ძალები აღიდგინეს და მოედანზე გასვლას მოუთმენლად ელიან.
შემოდგომაზე ესპანეთთან წაგებაზე (1:7) ახლა კომენტარს ვერ გავაკეთებ – ეს ჩვენთვის რთული იყო, მაგრამ ზოგჯერ ცხოვრებაში წინსვლისთვის ესეც საჭიროა, რადგან სირთულეების გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევ. ჩემი აზრით, დღეს აქ რომ ვართ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მტკივნეული მარცხი ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იყო.
ესპანეთთან ბოლო სამ წელიწადში ოთხჯერ წავაგეთ. ამ გუნდს კარგად ვიცნობთ და იმედი მაქვს, ხვალ განსხვავებული შეხვედრა იქნება. ჩვენს მეტოქეს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჯერ ბურთი არ გაუშვია და ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესოა. უმძიმესი დაპირისპირება გველის, მაგრამ ახლა სხვა ატმოსფეროა და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.
საქართველოში მუშაობის დაწყებამდე ამ ქვეყანაზე ბევრი არაფერი ვიცოდი და გასაცნობად დრო დამჭირდა. ახლა უკვე ბევრი რამ გავიგე, საქართველოში ძალიან ბედნიერი ვარ. საერთოდ, სადაც ხარ, ის ადგილი თუ არ მოგწონს, საქმეს კარგად ვერ გააკეთებ.
ამ ფეხბურთელებთან ერთად სამი წელია, ვმუშაობთ და ერთმანეთის კარგად გვესმის. დაცვასა და დისციპლინას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, მაგრამ როცა ბურთით არიან, ყველაფრის გაკეთების უფლება აქვთ. ფეხბურთი არ არის მათემატიკა და არც ჭადრაკი, გრძნობებითა და გამოცდილებით უნდა ითამაშო, ეს ზუსტად საქართველოს ესადაგება კარგად. პირველივე შეხვედრის შემდეგ ზუსტად დავინახე ქართველების ხასიათი. მე მენტალიტეტით უფრო მშვიდი ვარ, ქართველი ფეხბურთელები უფრო ემოციურები არიან, მაგრამ ეს კარგი ბალანსია და ჩვენი მენტალობა ერთმანეთს კარგად ეწყობა.
ესპანეთიც პორტუგალიასავით დიდი გუნდია, მაგრამ გვინდა, მათ და ევროპას ვაჩვენოთ, რომ კარგები მხოლოდ დაცვაში თამაშისას არ ვართ და ბურთის კონტროლიც შეგვიძლია. პორტუგალიასთან გვქონდა ეს ნიშნები და ხვალაც იმავეს ვეცდებით. მხოლოდ დაცვაზე ფიქრით არაფერი გამოგვივა. ესპანეთს ყველა პოზიციაზე ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, გუნდურადაც ძალიან მაგარი გუნდია. თუმცა, ვფიქრობ, ჯგუფურ ეტაპზე კარგი რაღაცები საქართველომაც აჩვენა.
ხვალ ახალი მატჩია და ახალ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ვნახოთ, ეს რას მოგვიტანს. თავდაჯერებულები ვართ, რადგან დასაკარგი აბსოლუტურად არაფერი გვაქვს. ჩვენ ევრო 2024 უკვე მოვიგეთ და ძალიან მიხარია, რომ ამ ტურნირზე თამაშის საშუალება კიდევ ერთხელ მოგვეცა“.
ევრო 2024-ის მერვედფინალში საქართველოსა და ესპანეთის ნაკრების შეხვედრა კიოლნში 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირადაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთვაზებთ.