ევრო 2024 | ვილი სანიოლი - კვირკველია ევროპის ჩემპიონატისთვის მზად იქნება, გველესიანს თავის გამოჩენის საშუალება მონტენეგროში მიეცემა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ავსტრიული შეკრება შეაფასა და მონტენეგროსთან მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შესანიშნავი შეკრების ორგანიზება მოახერხა. გვქონდა შესაძლებლობა გვემუშავა ისე, როგორც ჩვენ გვსურდა. მონტენეგროსთან მატჩი ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო შეხვედრაა. გვინდა, რომ ამ თამაშმა უფრო თავდაჯერებული გაგვხადოს. ჯერ 100 პროცენტით მზად არ ვართ, გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ამ ეტაპზე საუკეთესო ფორმაში არ არიან.
შეკრებაზე 26 ფეხბურთელის წაყვანის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო. საქართველო აქამდე არასდროს ყოფილა ასეთ ტურნირზე. ვერ შევძლებდი შეკრებაზე 30 ფეხბურთელის წაყვანას და ტურნირამდე რამდენიმე დღით ადრე ოთხი მათგანისთვის ოცნების წართმევას.
მართალია, კვირკველიას მცირე პრობლემები აქვს, თუმცა ის ინდივიდუალურად ემზადება და ტურნირისთვის მზად იქნება. გიორგი გველესიანი ბოლო პერიოდში შემოგვიერთდა, ჯერ არ უთამაშია, თუმცა მონტენეგროში თავის გამოჩენის საშუალება მიეცემა“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
ავსტრიული შეკრების დასკვნითი ვარჯიშის შემდეგ, ჩვენი გუნდი პოდგორიცაში გაემგზავრა. მონტენეგროსა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი 9 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.