ევრო 2024 | შვეიცარიის ნაკრებმა უნგრეთს მოუგო და გერმანიასთან ერთად A ჯგუფის ლიდერი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

ევრო 2024-ის მეორე სათამაშო დღე A ჯგუფის შეხვედრით დაიწყო. შვეიცარია უნგრეთს დაუპირისპირდა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

 

 

  • უნგრეთის ნაკრების კაპიტანი, 23 წლის, 7 თვისა და 21 დღის დომინიკ სობოსლაი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც გუნდს გაუძღვა.
  • კვადვო დუა ისტორიაში მესამე შვეიცარიელი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრაში გოლი გაიტანა.
  • მიშელ ებიშერი პირველი შვეიცარიელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ერთ შეხვედრაში გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა.

12′ წუთი. შვეიცარიის  ნაკრები წინ „ლუდოგორეცის“ თავდამსხმელმა, კვადვო დუამ გაიყვანა. 27 წლის ფეხბურთელს გადაცემა მიშელ ებიშერმა გაუკეთა. აღსანიშნავია, რომ ეს მატჩი დუასთვის მხოლოდ მეორე იყო ეროვნული გუნდის რიგებში.

 

45′ წუთი. შვეიცარიელთა უპირატესობა ორამდე „ჯენოას“ ფეხბურთელმა, ებიშერმა გაზარდა და საგოლე პასს გოლიც დაუმატა. მან გულაშის კარის აღება ეფექტური შორეული დარტყმით მოახერხა.

 

66′ წუთი. „ლივერპულის“ ნახევარმცველის, დომინიკ სობოსლაის გადაცემის შემდეგ „ფერენცვაროშის“ თავდამსხმელმა, ბარბარას ვარგამ უნგრელთა ჩამორჩენა ერთ ბურთამდე შეამცირა.

 

90+3′ წუთი. უნგრეთის ნაკრების მცველებმა უხეში შეცდომა დაუშვეს, რომლითაც შვეიცარიის ნაკრების თავდამსხმელმა, ემბოლომ ისარგებლა და მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

პირველი ტურის შემდეგ A ჯგუფში გერმანიის ნაკრები ლიდერობს, მეორეზე კი შვეიცარიაა. მეორე ტურში გერმანიის მეტოქე უნგრეთი იქნება, ხოლო შვეიცარია შოტლანდიას დაუპირისპირდება.