ევრო 2024 | შოტლანდიის ნაკრები უნგრეთთან ბოლო წუთზე დამარცხდა და ევრო 2024-ს გამოეთიშა #1TVSPORT
ევრო 2024-ზე ჯგუფური ეტაპის მესამე ტური დაიწყო. შტუტგარტში ჩატარებულ A ჯგუფის შეხვედრაში უნგრეთის ნაკრებმა შოტლანდია მსაჯის მიერ დამატებულ მე-10 წუთზე დაამარცხა, რის შემდეგაც ბრიტანელები ტურნირს გამოეთიშნენ – 0:1.
ფაქტები
- შოტლანდიელებმა მატჩის პირველ ტაიმში 200-ზე მეტი ზუსტი გადაცემა შეასრულეს. ეს მათთვის დიდ ტურნირებზე საუკეთესო შედეგია 1982 წლის მუნდიალზე ბრაზილიასთან მატჩის შემდეგ (216).
- შოტლანდიის ნაკრების ნახევარმცველის, ჯონ მაკგინის წინააღმდეგ ევრო 2024-ზე ყველაზე მეტჯერ დაჯარიმდნენ.
- ევრო 2024-ზე 2 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც გუნდმა პირველ ტაიმში მეტოქის კარისკენ ვერ დაარტყა. ორივე შემთხვევაში ეს გუნდი შოტლანდია იყო. სტივ კლარკის გუნდმა ჯერ გერმანიას ვერ დაურტყა, ახლა კი – უნგრეთს.
- უნგრელებმა გამარჯვების გოლი შეხვედრაში მე-100 წუთზე გაიტანეს (90+10).
90+10′ წუთი. შეხვედრაში ერთადერთი გოლი, რომელმაც უნგრეთის ნაკრებს პლეი ოფში გასვლის შანსი შეუნარჩუნა, უკანასკნელ წამებზე მოედანზე 86-ე წუთზე შესულმა ჩობოტმა გაიტანა.
A ჯგუფში 7 ქულით პირველ ადგილზე გერმანია გავიდა, რომელიც 29 ივნისს 1/8-ფინალური ეტაპის მატჩს დორტმუნდში C ჯგუფის მეორეადგილოსანთან გამართავს.
მეორე ადგილზე შვეიცარია დარჩა. იაკინის გაწვრთნილი ნაკრები B ჯგუფში მეორეზე გასულს 29 ივნისს ბერლინში დაუპირისპირდება. რაც შეეხება უნგრეთს, ეს გუნდი სხვა ჯგუფების შედეგებს დაელოდება და ამის შემდეგ გაირკვევა, მოხვდება თუ არა 3 ქულით ევრო 2024-ის პლეი ოფში. მეოთხე ადგილზე გასული შოტლანდიისთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია.