ევრო 2024 | საქართველოს ნაკრებს ავსტრიულ შეკრებაზე გველესიანი და გუგეშაშვილი შეუერთდნენ #1TVSORT
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას ავსტრიაში განაგრძობს, კიდევ ორი ფეხბურთელი შეუერთდა.
ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გუნდს მცველი გიორგი გველესიანი (რომლის მიერ გატანილი გოლითაც „პერსეპოლისი“ ირანის ჩემპიონი გახდა) და მეკარე ლუკა გუგეშაშვილი დაემატნენ, თუმცა მათ ეროვნულ ნაკრებთან ერთად ჯერ არ უვარჯიშიათ, რადგან გუნდს გვიან ღამით შეუერთდნენ.
3 ივნისს ნაკრებმა 20 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. მათ შორის იყვნენ: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, გურამ კაშია, გიორგი გოჩოლეიშვილი, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი სანდრო ალთუნაშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი წიტაიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ქვილითაია და ბუდუ ზივზივაძე.
ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებაზე 26 ფეხბურთელია გამოძახებული. ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით ვარჯიშს მიმდინარე კვირიდან დაიწყებს.
გერმანიაში გამგზავრებამდე საქართველოს ნაკრები 9 ივნისს პოდგორიცაში მონტენეგროსთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მატჩების განრიგი:
18 ივნისი, დორტმუნდი, 20:00 | თურქეთი – საქართველო
22 ივნისი, ჰამბურგი, 17:00 | საქართველო – ჩეხეთი
26 ივნისი, გელზენკირხენი, 23:00 | საქართველო – პორტუგალია