ევრო 2024 | საქართველოს ნაკრებმა წლის ბოლო საშინაო მატჩში შოტლანდიასთან ფრედ ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ჯგუფური ეტაპის ბოლო საშინაო შეხვედრა შოტლანდიასთან გამართა და ფრედ, 2:2 ითამაშა.
თამაში დაძაბული გამოდგა, უპირატესობის მოპოვებას ორივე გუნდი ცდილობდა. პირველად კარში მე-14 წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ დაარტყა, მაგრამ შოტლანდიელების მეკარე ბურთს იოლად დაეუფლა.
ერთ წუთში საქართველოს ნაკრების წამოწყებული შეტევა გოლით დასრულდა. ჩაკვეტაძემ მარჯვენა ფლანგზე ოთარ კაკაბაძე მონახა, რომელმაც საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა, იქ კი ხვიჩა კვარაცხელიამ მცველს დაასწრო, ვარდნაში დაარტყა და ლამაზი გოლით ანგარიში გახსნა 1:0. გოლი ყველამ ერთად ზურიკო დავითაშვილის ახალდაბადებულ შვილს, დათის მიუძღვნა.
25-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ორი რეალური მომენტი შექმნა, მაგრამ ლევან შენგელიას ახლოდან დარტყმული მეკარემ მოიგერია, გიორგი მიქაუტაძეს კი მცველი გადაეფარა და გუნდი გადაარჩინა.
მეორე ნახევრის დასაწყისში შოტლანდიის ნაკრებმა პირველივე შემთხვევაში ქართველი მცველების მოდუნებით ისარგებლა და სკოტ მაკტომინეიმ ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
საქართველოს ნაკრებმა ამის შემდეგ შეუტია. 56-ე წუთზე ლევან შენგელიას საჯარიმო დარტყმა მეკარემ მოიგერია, მაგრამ ერთ წუთში ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთი ლამაზი გოლი გაიტანა – ფლანგზე ორ მცველს გასცდა და კლარკს აუღებელი დაურტყა – 2:1. საგოლე შეტევა ამჯერადაც გიორგი ჩაკვეტაძემ წამოიწყო.
შეხვედრის ბოლო წუთებში შოტლანდიის ნაკრებმა საქართველოს კარს დიდი ძალებით შეუტია და მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ანგარიშის გათანაბრება მოახერხა – გოლი შენკლენდმა გაიტანა.
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრას 19 ნოემბერს ვალიადოლიდში ესპანეთის ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა 23:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.