ევრო 2024 | საქართველოს ნაკრებმა ფელბერტში პირველი ვარჯიში ჩაატარა #1TVSPORT
ევრო 2024 | საქართველოს ნაკრებმა ფელბერტში პირველი ვარჯიში ჩაატარა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაშია, სადაც ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს და ქალაქ ფელბერტში მდებარე „ჯვაროსნების“ საწვრთნელ ბაზაზე პირველი ვარჯიში გამართა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, საწვრთნელ პროცესში ის 12 ფეხბურთელი მონაწილეობდა, რომლებსაც მონტენეგროსთან ამხანაგურ შეხვედრაში არ უთამაშიათ ან მცირე სათამაშო დრო მიიღეს. სხვა მოთამაშეები კი აღდგენითი ვარჯიშით იყვნენ დაკავებულნი.

12 ივნისს, ცენტრალური ევროპის დროით 17:00 საათზე (თბილისის დროით 19:00 საათზე) საქართველოს ეროვნული ნაკრები ღია ვარჯიშს ფელბერტის IMS Arena-ს საწვრთნელ ბაზაზე გამართავს. გერმანიაში ვარჯიშზე დასასწრებად გულშემატკივართა რეგისტრაცია 9 ივნისს დაიწყო და რამდენიმე საათში ყველა ადგილი შეივსო. ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის 12 ივნისს, სავარჯიშო პროცესის დაწყებამდე, 16:30 საათიდან შერეული ზონა (Mixed zone) იმუშავებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გიორგი ლორია („დინამო თბილისი“), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი);

დაცვა: საბა კვირკველია („ალ ახდუდი“, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, ირანი), გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე („პანეტოლიკოსი“, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელ-ი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, უკრაინა);

ნახევარდაცვა: გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ავსტრია), ლევან შენგელია („პანეტოლიკოსი“, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი („დინამო ბათუმი“), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, აშშ);

თავდასხმა: გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელ-ი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი).

ევრო 2024 | საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

18 ივნისი, 20:00 | თურქეთი – საქართველო

22 ივნისი, 17:00 | საქართველო – ჩეხეთი

26 ივნისი, 23:00 | საქართველო – პორტუგალია