ევრო 2024 | საქართველოს ნაკრები თურქეთთან შეხვედრისთვის ემზადება - კიტეიშვილი ინდივიდუალურად ვარჯიშობს, ჩაკვეტაძე მწყობრშია #1TVSPORT
ევრო 2024 | საქართველოს ნაკრები თურქეთთან შეხვედრისთვის ემზადება - კიტეიშვილი ინდივიდუალურად ვარჯიშობს, ჩაკვეტაძე მწყობრშია #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩის ჩასატარებლად მზადებას განაგრძობს – გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე მორიგი ვარჯიში გამართა, რომელშიც 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა. კვლავ ინდივიდუალურად ემზადება ოთარ კიტეიშვილი, სამაგიეროდ, გუნდს გიორგი ჩაკვეტაძე დაუბრუნდა, რომელიც მცირე ტრავმის გამო დაასვენეს.

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, 16 ივნისს საქართველოს ნაკრების ვარჯიში დახურული იქნება, 17 ივნისს კი გუნდი დორტმუნდში, საქართველო-თურქეთის მატჩის მასპინძელ სტადიონ „BVB არენაზე“ ივარჯიშებს. ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის საწყისი 15 წუთი ღია იქნება. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე მწვრთნელებისა და ფეხბურთელების წინასამატჩო პრესკონფერენცია გაიმართება.

17 ივნისის განრიგი დორტმუნდში:

17:45 – საქართველოს ნაკრების პრესკონფერენცია;

18:30 – საქართველოს ნაკრების ვარჯიში.

ევრო 2024 | საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

18 ივნისი, 20:00 | თურქეთი – საქართველო;

22 ივნისი, 17:00 | საქართველო – ჩეხეთი;

26 ივნისი, 23:00 | საქართველო – პორტუგალია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 18 ივნისს თურქეთთან გამართავს. მატჩი დორტმუნდის „BVB არენაზე“ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

 

მერაბ მამულაშვილი, პირველი არხისთვის გერმანიიდან.

ჩვენი მხარდამჭერია სპორტისა და კულტურის სამინისტრო, ჟურნალისტთა ასოციაცია და სპორტის საერთაშორისო ფონდი.