საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაშია. „ჩვენ აქ ვართ! წინ მხოლოდ ევროპის ჩემპიონატია!“ – ასე აცნობა ქომაგებს სფფ-ის პრესსამსახურმა ევრო 2024-ის მასპინძელ ქვეყანაში გუნდის ჩაფრენა.
„ჯვაროსნებმა“ 9 ივნისს ევრო 2024-მდე ბოლო მოსამზადებელ შეხვედრაში მონტენეგროს ნაკრები დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხეს და გერმანიაში გაემგზავრნენ, სადაც ვილი სანიოლის გუნდი დასკვნით შეკრებას გამართავს.
დიუსელდორფის საერთაშორისო აეროპორტში, თვითმფრინავის ტრაპთან საქართველოს დელეგაციის წევრებს ევროპის ჩემპიონატის მასკოტის ფორმაში გამოწყობილი მოხალისეები დახვნენ.
ევრო 2024-ის მოსამზადებელი დასკვნითი შეკრება „ჯვაროსნებმა“ ქალაქ ფელბერტში, MS Arena-ს საწვრთნელ ბაზაზე დაგეგმეს, სადაც 12 ივნისს, თბილისის დროით 19:00 საათზე (შუა ევროპის დროით 17:00) ღია ვარჯიშს ჩაატარებენ.