ევრო 2024 | საფრანგეთის ნაკრებმა ბელგია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
ევრო 2024-ზე მერვედფინალური ეტაპი გრძელდება. დიუსელდორფში საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა ბელგია 1:0 დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
ფაქტები
- ევროპის ჩემპიონატზე მეცხრე ავტოგოლი გავიდა, რაც კონტინენტის პირველობისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. საკუთარ კარში ბურთი ამჯერად ბელგიელთა მცველმა, იან ვერტონგენმა ჩაჭრა.
- საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში ბოლოს 2016 წელს მოიგო. მაშინ დიდიე დეშამის გუნდმა ნახევარფინალში პორტუგალია დაამარცხა.
- ფრანგ ფეხბურთელებს ტურნირზე ჯერ ღია თამაშიდან გოლი გატანილი არ აქვთ. მათ სასარგებლოდ მეორე ავტოგოლი გავიდა, ხოლო ერთხელ პენალტი კილიან მბაპემ გამოიყენა.
შეხვედრის პირველი ტაიმი დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და ვერცერთმა გუნდმა მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვება ვერ მოახერხა. მეორე ნახევარში გუნდები უფრო გააქტიურდნენ და რამდენიმე მომენტიც შეიქმნა.
85′ წუთი. ბელგიის ნაკრების საჯარიმოში არეულობა შეიქმნა. საბოლოოდ, საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, რანდალ კოლო მუანიმ დაარტყა, რის შემდეგაც ბურთი საკუთარ კარში იან ვერტონგენმა გაიტანა.
საფრანგეთის ნაკრები ევრო 2024-ის მეოთხედფინალურ შეხვედრას ჰამბურგში 5 ივლისს ჩაატარებს, დეშამის გუნდის მეტოქე პორტუგალიასა და სლოვენიას შორის გამარჯვებული იქნება.