უეფას შტაბბინაში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის არჩევნები გაიმართა. ექვსი წლის შემდეგ, კონტინენტის პირველობას გერმანია უმასპინძლებს, რომელმაც ერთადერთი კონკურენტი, თურქეთი დაამარცხა, – წერს უეფას ოფიციალური „ტვიტერი“.
უკვე ცნობილია, რომ ევრო 2024-ს 10 ქალაქი უმასპინძლებს: ბერლინი, მიუნხენი, დორტმუნდი, გელზენკირხენი, შტუტგარტი, ჰამბურგი, დიუსელდორფი, კიოლნი, ლაიპციგი და ფრანქფურტი.
გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი ერთხელ, 1988 წელს გამართულა და გამარჯვებული მაშინ ჰოლანდიის ნაკრები გახდა.