ევრო 2024 | პირველი ნახევარფინალისტი ცნობილია - ესპანეთმა გერმანია დამატებით დროში დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ტურნირის მასპინძელი გერმანიის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა, დამატებით დროში 1:2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა, ესპანეთი კი ბრძოლას ნახევარფინალში განაგრძობს.
ფაქტები
- ესპანეთის ნაკრებმა დიდი საფეხბურთო ტურნირის პლეი ოფში მასპინძელი ქვეყნის ნაკრები პირველად დაამარცხა.
- მანუელ ნოიერი გახდა მესამე ფეხბურთელი, ვისაც ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე 20 მატჩი აქვს ჩატარებული. მას მხოლოდ პორტუგალიელები – კრიშტიანო რონალდო (29) და პეპე (22) უსწრებენ. ამასთან, ნოიერმა ამ მაჩვენებლით თანაგუნდელ ბასტიან შვაინშტაიგერს (19) გადაასწრო (18).
- ალვარო მორატამ ევროპის ჩემპიონატზე მე-15 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით სერხიო რამოსსა და დავიდ სილვას გაუთანაბრდა. მათზე ერთი მატჩით მეტი ჩატარებული აქვთ ჟორდი ალბას, სესკ ფაბრეგასსა და ანდრეს ინიესტას (16).
- ტონი კროოსმა კარიერაში ბოლო მატჩი გამართა. მას გერმანიის ნაკრებში 114 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი.
51 წუთი’ – ესპანეთის ნაკრებმა ანგარიში გახსნა. ფლანგზე ბურთი ლამინ იამალმა მიიღო, საჯარიმოს სიახლოვესთან კარგად დაინახა დანი ოლმო, რომელმაც შეუჩერებლად დაარტყა და ნიერისგან შორეულ კუთხეში გაიტანა.
89 წუთი’ – გერმანიის ნაკრებმა ბოლოსწინა წუთზე მოახერხა ანგარიშის გათანაბრება – კიმიხის გადაცემის შემდეგ შეცვლაზე შესულმა ვირტცმა გაიტანა 1:1.
მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. დაინიშნა ორი 15-წუთიანი ტაიმი.
119 წუთი’ – ესპანელებმა პენალტების სერიამდე თამაში არ მიიყვანეს – დამატებითი დროის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, დანი ოლმოს გადაცემის შემდეგ, მერინომ გერმანელებს მეორე გოლი გაუტანა და ესპანეთის ნაკრებს ნახევარფინალის საგზური მოუტანა.
ნახევარფინალში ესპანელები 9 ივლისს საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება.