ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების ჯგუფში ნორვეგიის ნაკრებმა თემურ ქეცბაიას კვიპროსს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
თამაში მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და ანგარიშიც სწრაფად გახსნეს – კვიპროსის კარი მე-12 წუთზე სოლბაკენმა აიღო. შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.
მეორე ნახევარში ერლინგ ჰალანდმა დუბლი შეასრულა: 56-ე წუთზე უპირატესობა პენალტით გაზარდა, ხოლო მე-60 წუთზე ნორვეგიელთა ფორვარდმა ოდეგორის გადაცემით ისარგებლა. საბოლოო ანგარიში კი 90+3-ე წუთზე კვიპროსელთა ფეხბურთელმა, კასტანიოსმა დააფიქსირა 3:1.
ოთხი ტურის შემდეგ ნორვეგია 4 ქულით მესამე ადგილზეა და საქართველოს (4) დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება, კვიპროსი კი უქულოდ ბოლო ადგილზეა.