ევრო 2024 | ნიდერლანდების ნაკრებმა პოლონეთი დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ევრო 2024-ის მესამე სათამაშო დღის პირველი შეხვედრა D ჯგუფში გაიმართა. ნიდერლანდების ნაკრებმა დაძაბულ შეხვედრაში პოლონეთი დაამარცხა – 2:1.
- 2008 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ დიდ საფეხბურთო ტურნირზე ნიდერლანდების ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა ამსტერდამის „აიაქსის“ ფეხბურთელი. სულ კი ასეთი რამ ისტორიაში 12-ჯერ მომხდარა.
- პოლონეთის ნაკრებს ნიდერლანდებისთვის 1979 წლის შემდეგ არ მოუგია.
- ნიდერლანდელი ბარტ ვერბრიუგენი ყველაზე ახალგაზრდა მეკარე (21 წლის და 303 დღის) გახდა, ვისაც ევროპის ჩემპიონატზე უთამაშია, 1964 წლის ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების მეკარის, ანხელ ირიბარის (21 წლის და 108 დღის) შემდეგ.
16′ წუთი. კუთხურიდან პიოტრ ჟელინსკის ჩაწოდებულ ბურთზე ყველას ადამ ბუკსამ დაასწრო და თავური დარტყმით პოლონეთი დააწინაურა – 1:0.
29′ წუთი. მოედნის ცენტრში ნათან აკემ პოლონელ ფეხბურთელს დაასწრო, ბურთი კოდი გაკპოს გადააწოდა, რომელმაც საჯარიმოს გარედან დაარტყა, ბურთი პოლონელთა მცველს, ბარტოშ სალამონს მოხვდა და კარში შევარდა – 1:1.
82′ წუთი. ნათან აკემ მეორე საგოლე გადაცემა შეასრულა და შეცვლაზე შესულმა ვოუტ ვიგჰორსტმა ნიდერლანდების ნაკრებს გამარჯვება მოუტანა – 2:1.
D ჯგუფის მეორე შეხვედრა ავსტრიისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის 17 ივნისს, 23:00 საათზე გაიმართება.