ევრო 2024 | მეორე მოგება შესარჩევ ეტაპზე - საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი დიდი ანგარიშით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში კვიპროსის ნაკრებს უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.

 

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, „მიხეილ მესხი არენაზე“ გამართულ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც წინა მატჩში, ტაილანდთან, პოკერი შეასრულა. მარჯვენა ფლანგზე ლადო მამუჩაშვილი თამაშობდა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ სასტარტო შემადგენლობაში იყო.

ტაილანდთან დიდი ანგარიშით მოგების მიუხედავად, 24-ათასიანი „მიხეილ მესხი“ ბოლომდე ვერ შეივსო. „ჯვაროსნებმა“ თამაში დამაჯერებლად ვერ დაიწყეს და პირველი სახიფათო მომენტიც საქართველოს კართან შეიქმნა – მე-6 წუთზე ხარალამპოს კირიაკუს დარტყმის შემდეგ გიორგი მამარდაშვილმა გადაგვარჩინა.

 

მატჩის დასაწყისში საქართველოს ნაკრებს სწრაფი თამაში და მეტოქის საჯარიმომდე ბურთის სწრაფად მიტანა უჭირდა, კვიპროსელები ქართველებს შეტევისთვის თავისუფალ სივრცეებს არ უტოვებდნენ.

37-ე წუთზე სტუმრებმა კონტრშეტევა განახორციელეს და დიმიტრიოს კრისტოფმა სახიფათოდ დაარტყა – ამ ეპიზოდშიც მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველ ნახევარში ჩვენმა გუნდმაც განახორციელა რამდენიმე სახიფათო შეტევა თუმცა საწყისი 45-წუთიანი მონაკვეთი უგოლო ფრით დასრულდა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა თამაში უფრო მწვავედ და აგრესიულად დაიწყო, შედეგსაც მალე მიაღწია. 46-ე წუთზე, კვარაცხელიას დარტყმული მცველმა მოიგერია, იქვე მყოფმა ოთარ კიტეიშვილმა შესანიშნავი დარტყმით ბურთი მცველებში გააძვრინა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა – 1:0.

58-ე წუთზე კი გიორგი ჩაკვეტაძემ ერთი პასით კარის წინ კვარაცხელია მეკარესთან პირისპირ დატოვა და „ნაპოლის“ ქართველმა ლიდერმა სხვაობა ორამდე გაზარდა 2:0.

82-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მესამე გოლი ვიხილეთ: ზურიკო დავითაშვილის წამოწყებული და კვარაცხელიას განვითარებული იერიში ძლიერი დარტყმით ლევან შენგელიამ დააგვირგვინა – 3:0.

არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე კვიპროსელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გიორგი მიქაუტაძემ ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 4:0.
საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა და მიმდინარე შესარჩევ ციკლში მეორედ მოიგო – ვილი სანიოლის გუნდმა ორივეჯერ კვიპროსის ნაკრები დაამარცხა.
მომდევნო თამაშს საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს თბილისში შოტლანდიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

საქართველო-კვიპროსი 4:0


გოლები: 1:0 კიტეიშვილი (46), 2:0 კვარაცხელია (58. ჩაკვეტაძის პასით), 3:0 შენგელია (82. კვარაცხელიას პასით), 4:0 მიქაუტაძე (90+5-პენ)

საქართველო: მამარდაშვილი – კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი – მამუჩაშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (85. კვეკვესკირი), აზაროვი (71. შენგელია) – კვარაცხელია (85. მექვაბიშვილი), ჩაკვეტაძე (71. დავითაშვილი) – ზივზივაძე (59. მიქაუტაძე).

სათადარიგოები: ლორია, გუგეშაშვილი – კალანდაძე, ლობჟანიძე, გელაშვილი, ალთუნაშვილი, ვოლკოვი.

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

კვიპროსი: მალი – ანდრეუ (46. ანტონიუ), კარო, გოგიჩი, კიპრიანუ, ნ. იოანუ (87. ა. კორეია) – კირიაკუ (62. ხარალამპუსი), კუსულოსი, სპოლიარიჩი – კასტანოსი (71. ლოიზუ), ხრისტოფი (71. კაკული).

სათადარიგოები: დემეტრიუ, მიხაელი – ანტონიადისი, პილეასი, ილია, პ. კორეა, გავრიელი.

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.

არბიტრი: რ. ჯოუნსი (ინგლისი)