ევრო 2024-მდე, დიდი ალბათობით, მხოლოდ მონტენეგროსთან ვითამაშებთ #1TVSPORT
დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მხოლოდ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველი არხისთვის გახდა ცნობილი.
საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობა მოლაპარაკებას რამდენიმე ქვეყნის ფედერაციასთან აწარმოებდა და წინასწარ ითქვა, რომ, მონტენეგროს გარდა, ვილი სანიოლს ევრო 2024-მდე კიდევ ერთი თამაშის ჩატარება სურდა.
საბოლოოდ, სანიოლმა გადაწყვიტა, რომ ნაკრები უკვე დაგეგმილ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს – „ჯვაროსნები“ მონტენეგროს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა პოდგორიცას სტადიონზე კვირას, 9 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ზე პირველ შეხვედრას 18 ივნისს თურქეთთან დორტმუნდში გამართავს, 22 ივნისს ჰამბურგში – ჩეხეთთან, ხოლო 26 ივნისს გელზერკირხენში – პორტუგალიასთან.