ევრო 2024 | ლუის დე ლა ფუენტე - საფრანგეთთან შეხვედრაში ყველაფერს დეტალები გადაწყვეტს #1TVSPORT
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ ევრო 2024-ზე საფრანგეთის ნაკრებთან მოახლოებული ნახევარფინალური შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
როგორც ესპანელი სპეციალისტი აცხადებს, ნახევარფინალში ყველაფერს დეტალები გადაწყვეტს.
„აქამდე ესპანეთის ნაკრებმა შესანიშნავად ითამაშა. ვეცდებით, საფრანგეთთან შეხვედრაში საკუთარი თავის ერთგული დავრჩეთ. ვფიქრობ, ამ მატჩში ყველაფერს დეტალები გადაწყვეტს.
ენერგიის აღდგენა მოვახერხეთ. გვინდა, შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ, თუმცა პრაგმატულად მოქმედებაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ვეთამაშებით ძალიან ძლიერ მეტოქეს, რომელსაც ღრმა შემადგენლობა ჰყავს. პირადად მე ყოველთვის მსიამოვნებს ისეთი ფეხბურთის ყურება, როგორსაც საფრანგეთის ნაკრები აჩვენებს.
მათ ჰყავთ კილიან მბაპე, რომელიც ძალიან არაპროგნოზირებადი მოთამაშეა. კილიანის შესაძლებლობების 50% სხვა ფეხბურთელების 100%-ს უდრის. მას აქვს უნარები, ნებისმიერ ეპიზოდში თამაშის ბედი გადაწყვიტოს.
ბურთს უნდა გავუფრთხილდეთ და ვეცადოთ, არ დავკარგოთ, ეს გადამწყვეტი იქნება. ველი ღია, თანაბარ, გახსნილ და საინტერესო შეხვედრას. ფინალში თამაში გვინდა, თუმცა რაც არ უნდა მოხდეს, ბედნიერი ვიქნები, რადგან ჩემი გუნდის ზრდა დავინახე“, – განაცხადა ლუის დე ლა ფუენტემ.
ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებების ნახევარფინალური შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.