ევრო 2024 | კვიპროსის ნაკრებს საქართველოსთან საუკეთესო ლეგიონერი დააკლდება #1TVSPORT
კვიპროსის ეროვნული ნაკრები, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით, საქართველოსთან მატჩისთვის ემზადება. შეხვედრა ლარნაკას „აეკ არენაზე“ 17 ივნისს გაიმართება და 22:45 საათზე დაიწყება.
საქართველოსთან მატჩს კვიპროსელების ყველაზე ცნობილი ლეგიონერი ნიკოლას იოანუ შოტლანდიასთან მიღებული წითელი ბარათის გამო გამოტოვებს. მას 20 ივნისს ნორვეგიასთან სტუმრად თამაშის უფლება ექნება.
ნიკოლას იოანუ იტალიური „კომოს“ მარცხენა მცველია. 27 წლის გამოცდილი მოთამაშე „მანჩესტერ იუნაიტედის“ აღზრდილია, სადაც 11 წლიდან ვარჯიშობდა. იყო 19-წლამდელთა გუნდის კაპიტანი, 2013-14 წლების სეზონში უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი ჩაატარა.
2014 წელს სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა კვიპროსის ჩემპიონატის კლუბ აპოელ-თან. შემდეგ დაბრუნდა ინგლისში და „ნოტინგემ ფორესტში“ ირიცხებოდა. ასევე, გამოდიოდა სალონიკის „არისში“.
2021 წლიდან დღემდე იტალიური „კომოს“ ღირსებას იცავს, სადაც 54 მატჩში სამი გოლი გაიტანა.
იოანუ 2012 წლიდან კვიპროსის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობს. მისი დებიუტი კვიპროსის ეროვნულ ნაკრებში 2017 წლის 3 ივნისს პორტუგალიასთან მატჩში შედგა – სულ კი დღემდე ეროვნული გუნდის ფორმა 42 მატჩში მოირგო და ორი გოლი გაიტანა.