ევრო 2024 | კვიპროსის ნაკრების მცველი კოსტას პილეასი - არავისი გვეშინია #1TVSPORT
ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქე კვიპროსის ნაკრები მოახლოებული მატჩისთვის ემზადება. თემურ ქეცბაიამ გუნდი „აეკი არენაზე“ ავარჯიშა და საქართველოსთან მატჩის წინ გუნდის მომზადების პირველი ეტაპი დაასრულა.
კვიპროსის ნაკრებში ემზადებიან ის უცხოელი მოთამაშეებიც, რომლებმაც ამ მატჩებამდე საფეხბურთო მოქალაქეობა შეიცვალეს და კვიპროსის მოქალაქეობა მიიღეს – ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მარცხენა მცველი პავლოს კორეა და ნიქოზიის „ოლიმპიაკოსის“ მეკარე ჯოელ მოლი.
„კვიპროსის ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ჩემთვის უდიდესი პატივია. შევეცდები, შეკრებაზე საუკეთესო თვისებები ვაჩვენო და თამაში დავიმსახურო. რაც შეეხება ჩვენს უახლოეს მეტოქეებს, საქართველოს და ნორვეგიის ნაკრებებს – არცერთი მოწინააღმდეგის არ გვეშინია, რადგან კვიპროსულ ფეხბურთში ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა“, – განაცხადა ლიმასოლის „არისის“ მცველმა, კოსტას პილეასმა კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან ინტერვიუში.
ევრო 2024-ის პირველი შესარჩევი ჯგუფის მე-3 ტურის მატჩი კვიპროსი-საქართველო 17 ივნისს გაიმართება. ამის შემდეგ ქეცბაიას გუნდი გასვლით მატჩს 20 ივნისს ნორვეგიასთან ოსლოში გამართავს.