ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში გასვლის შემთხვევაში, საქართველო შინ ითამაშებს #1TVSPORT
ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილის გამარჯვებულს შინ შეხვდება. ეს უეფა-ში გამართული წილისყრის შედეგად დღეს გაირკვა.
ევრო 2024-ის პლეი ოფის წყვილების კენჭისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფა-ს ოფისში გაიმართა და პლეი ოფის ფინალის ყველა მასპინძელი გამოვლინდა. წილისყრას ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი ესწრებოდნენ.
„ჯვაროსნები“ პლეი ოფის ნახევარფინალში ერთა ლიგის C დივიზიონის გამარჯვებულის სტატუსით ითამაშებენ – ვილი სანიოლის გუნდი 21 მარტს ლუქსემბურგს უმასპინძლებს, მეორე წყვილში კი საბერძნეთი ყაზახეთს მიიღებს.
უეფა-ში წილისყრაზე დადგინდა, რომ პლეი ოფის ფინალის სახლში თამაშის უფლება საქართველო-ლუქსემბურგის ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებულს მიენიჭა. პლეი ოფის ფინალი 2024 წლის 26 მარტს ჩატარდება, გამარჯვებული კი 2024 წელს გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
ევრო 2024-ის პლეი ოფის თამაშების კალენდარი:
ნახევარფინალები, 2024 წლის 21 მარტი
საქართველო – ლუქსემბურგი
საბერძნეთი – ყაზახეთი
ფინალი, 2024 წლის 26 მარტი
საქართველო – ლუქსემბურგი/ გამარჯვებული; საბერძნეთი – ყაზახეთი/ გამარჯვებული
უეფა-ს ოფისიდან წილისყრის პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველმა არხმა შემოგთავაზათ.