ევრო 2024-ის პირველი ფინალისტი ესპანეთის ნაკრებია [ვიდეო] #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს ესპანეთი და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ. საინტერესო ბრძოლაში გამარჯვება და ფინალის საგზური ესპანელებს დარჩათ – 2:1. ისინი 14 ივლისს საჩემპიონო მატჩში ინგლისსა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

ფაქტები

  • ესპანეთის ნაკრები ისტორიაში მეხუთედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში და ტიტული სამჯერ აქვს მოგებული, ისევე როგორც გერმანიას.
  • ლამინ იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც დიდ ტურნირზე (მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატი) გოლი აქვს გატანილი.
  • დანი ოლმომ საფრანგეთს გაუტანა და ევრო 2024-ის ბომბარდირთა სიაში გიორგი მიქაუტაძეს გაუთანაბრდა – მათ 3-3 გოლი აქვთ, ნიდერლანდელ გაკპოს, გერმანელ მუსიალასა და სლოვაკ შრანცთან ერთად.
  • საფრანგეთის ნაკრებმა ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი გოლი ისე გაიტანა, რომ თერთმეტმეტრიანი და ავტოგოლი არ დაფიქსირებულა. აქამდე ფრანგებს ან პენალტის ნიშნულიდან ჰქონდათ გატანილი, ან ავტოგოლი მეტოქის ანგარიშზე დაფიქსირდა.

9′ წუთი. ესპანეთის ნაკრებმა მატჩი შეტევებით დაიწყო, თუმცა გოლი საკუთარ კარში მიიღო – მბაპეს ჩაწოდების შემდეგ კოლო მუანმა ანგარიში გახსნა.

21′ წუთი. ლამინე იამალმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა გულშემატკივარი, რომ მსოფლიოს ახალი ვარსკვლავი ეზრდება. 16 წლისა და 362 დღის ასაკში ესპანელი დიდ ტურნირზე ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა. მეორეა ბრაზლიელი პელე – 17 წლის და 239 დღის; მესამე – მექსიკელი მანუელ როსასი, 18 წლის და 93 დღის; მეოთხე – ესპანელი გავი, 18 წლის და 110 დღის.

25′ წუთი. იამალის გოლის შემდეგ ესპანეთმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა – დანი ოლმომ საჯარიმოში მეტოქე კარგად მოატყუა, დაარტყა და ვიდრე კარში შევარდებოდა, ბურთს კუნდე შეეხო.

თუმცა ამჯერად ავტოგოლი არ დაფიქსირდა – გოლი ოლმოს ჩაეთვალა. იგი ერთადერთი ესპანელია, რომელსაც დიდ შეჯიბრებაზე გოლი ზედიზედ სამ მატჩში აქვს გატანილი.

მეორე ტაიმში გუნდებმა უფრო მეტი ყურადღება დაცვას დაუთმეს, შესაბამისად, შეტევებს სიმწვავე მოაკლდა, უგოლოდ დასრულდა და ფინალის საგზური ესპანეთმა მოიპოვა.