ევრო 2024-ის ნახევარფინალამდე მამარდაშვილი ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში ადგილს ინარჩუნებს #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი, ამ ეტაპამდე ჩატარებული შეხვედრების გათვალისწინებით, ევრო 2024-ის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს, – ფეხბურთელები football365-მა შეარჩია.
„ევრო 2024-ის სიმბოლური ნაკრები განახლდება ყოველი თამაშის შემდეგ 14 ივლისის ფინალამდე, რათა საბოლოოდ საუკეთესო შემადგენლობა შევარჩიოთ“, – წერს გამოცემა.
ევრო 2024-ის სიმბოლური გუნდი football365-ის მიხედვით:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (საქართველო).
მცველები: იოზუა კიმიჩი (გერმანია), იაკა ბიოლი (სლოვენია), პეპე (პორტუგალია), მარკ კუკურელია (ესპანეთი).
ნახევარმცველები: ლამინ იამალი (ესპანეთი), ფაბიან რუისი (ესპანეთი), ტონი კროოსი (გერმანია), ჯუდ ბელინგჰემი (ინგლისი).
თავდამსხმელები: კოდი გაკპო (ჰოლანდია), კილიან მბაპე (საფრანგეთი).
„მამარდაშვილმა მეკარეებს შორის ყველაზე მეტი ბურთი მოიგერია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა, მან გამორჩეული შთაბეჭდილება დატოვა. „ნიუკასლის“ სამიზნემ თავისი შანსით ისარგებლა.
თურქეთთან შესანიშნავი თამაშის შემდეგ „ვალენსიის“ მეკარე საუკეთესო ფორმაში იყო და ჩეხეთთან საქართველოს დიდ ტურნირზე პირველი ქულა მოუპოვა. ეს ფასდაუდებელი სტიმული აღმოჩნდა სანიოლის გუნდისთვის, რომელმაც პორტუგალიასთან გამარჯვებით პლეი ოფში ადგილი მოიპოვა.
მომდევნო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთის შეტევა ვერ შეაჩერა, მაგრამ მამარდაშვილის დადანაშაულება წაგებულ მატჩში არ შეიძლება“, – წერს გამოცემა.