ევრო 2024-ის ფინალს ფრანგი მსაჯი ფრანსუა ლეტესიე გაუძღვება #1TVSPORT
უეფა-მ ევრო 2024-ის ფინალური მატჩის მთავარ არბიტრად ფრანგი ფრანსუა ლეტესიე დანიშნა.
35 წლის მსაჯმა კარიერა 2017 წელს დაიწყო და მას შემდეგ უეფა-ს ეგიდით გამართულ 65 შეხვედრაზე იმუშავა. მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კი ის სამი შეხვედრის მთავარი მსაჯი გახლდათ. ლეტესიე მერვედფინალში საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრასაც უძღვებოდა.
ლეტესიეს ასისტენტები ასევე ფრანგები – სირილ მუნიე და მეჰდი რაჰმუნი იქნებიან, მეოთხე არბიტრი კი პოლონელი შიმონ მარჩინიაკია. ვიდეორეფერიზე პასუხისმგებელი მსაჯიც ფრანგია – ჟერომ ბრისარი.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი ესპანეთსა და ინგლისს შორის 14 ივლისს ბერლინში ჩატარდება, შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.