ევრო 2024-ის აღმოჩენა, საქართველოს ნაკრები გერმანიიდან თბილისში დაბრუნდა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში დაბრუნდა. „ჯვაროსნები“, გუნდი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ეფექტური გამოსვლით მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, გერმანიიდან საქართველოში 2 ივლისს, დილის 9:15 საათზე ჩამოფრინდა.
ნაკრებს აეროპორტში უამრავი ქომაგი დახვდა და სწორედ იმ შეძახილებით შეეგება, რომლითაც ევრო 2024-ის პირველი დღიდან ამხნევებდა.
ცხადია, ქომაგების რაოდენობით გერმანიის ნაკრები აჯობებდა, თუმცა საქართველოს ყოველ მატჩს ათიათასობით გულშემატკივარი ესწრებოდა, რამაც გუნდის ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას დამატებითი ხიბლი შესძინა.
ფეხბურთელები და მწვრთნელები კი ერთხმად ამბობენ, რომ ქომაგის გარეშე ასეთი შედეგის მიღწევა რთული იქნებოდა. შედეგი კი ბევრისთვის მოულოდნელი იყო: ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა ნაკრებმა პირველი მატჩი დაძაბულ ბრძოლაში წააგო თურქეთთან (1:3), მეორე შეხვედრა ჩეხეთთან ფრედ (1:1) დაასრულა, ხოლო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა. „ჯვაროსნების“ მერვედფინალში გასვლას ბევრი სპეციალისტი არ ელოდა. იქ კი ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტთან, ესპანეთთან ანგარიში სწორედ ქართველებმა გახსნეს, თუმცა საბოლოოდ 1:4 დამარცხდნენ.
დავწერეთ, მერვედფინალში გასვლა ბევრისთვის მოულოდნელი შედეგი იყოო, თუმცა შედეგზე მთავარი საქართველოს ნაკრების სათამაშო სტილი და ხასიათი გახლდათ. სწორედ ამ თვისებების გამო იყო ეს გუნდი ევრო 2024-ის აღმოჩენა – სწრაფი და ეფექტური კონტრიერიშებით ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი გახლდათ, ბოლომდე გულიანი ბრძოლით კი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი შეიძინა.