ევრო 2024 | ინგლისმა შვეიცარია პენალტების სერიაში დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატზე მესამე ნახევარფინალისტი ინგლისისა და შვეიცარიის დაპირისპირებაში გამოვლინდა. თანაბარი თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი ტაიმში ნულოვანი ფრე დაფიქსირდა, მეორე ნახევარში კი გუნდებმა თითო გოლი (1:1) გაცვალეს და დამატებითი დრო დაინიშნა. გოლი არც დამატებულ პერიოდში გავიდა და ნახევარფინალისტის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანების დანიშვნა გახდა საჭირო, რომელშიც ინგლისელებმა გაიმარჯვეს – 5:3.
ფაქტები
- ეს ნაკრებები აქამდე სულ 27-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს – 18 მატჩი ინგლისმა მოიგო, ექვსი შეხვედრა ფრედ დასრულდა, შვეიცარიამ კი გამარჯვება მხოლოდ სამჯერ მოახერხა.
- ურთეიერთშეხვედრებში ინგლისელებმა შვეიცარიელებს 59 გოლი გაუტანეს, ხოლო შვეიცარიელებმა ინგლისის კარი 20-ჯერ აიღეს.
- ამ გუნდების ბოლო შეხვედრაშიც (2022 წელი. ამხანაგური მატჩი) ინგლისის კარი ემბოლომ აიღო. ეს იყო ერთადერთი გოლი, რომელიც შვეიცარიელებმა ინგლისელებს ბოლო ხუთ შეხვედრაში გაუტანეს. მატჩი კი ინგლისის გამარჯვებით დასრულდა – 2:1.
- ინგლისისა და შვეიცარიის ნაკრებების დაპირისპირება გახდა მესამე მატჩი ევრო 2024-ის მეოთხედფინალში (ესპანეთი-გერმანია 1:1; პორტუგალია-საფრანგეთი 0:0), რომლის გამარჯვებული ძირითად დროში ვერ გამოვლინდა.
მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმში კი ანგარიში შვეიცარიელებმა გახსნეს.
75′ წუთი. ემბოლომ ევროპის ვიცე-ჩემპიონების კარი აიღო და შვეიცარია წინ გაიყვანა – 1:0.
80′ წუთი. ინგლისელებმა ანგარიშის გათანაბრება ბუკაიო საკას გოლით მალევე მოახერხეს და ყველაფერი თავიდან დაიწყო -1:1.
როგორც წინა სამ მეოთხედფინალურ მატჩში აქაც დამატებითი დრო, შემდეგ კი პენალტების სერია გახდა საჭირო. თერთმეტმეტრიანები ინგლისელებმა უკეთ შეასრულეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.
ინგლისის ნაკრები ნიდერლანდებისა და თურქეთის წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება – მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.