ევრო 2024 | ინგლისის ნაკრებმა ვერც სლოვენია დაამარცხა, თუმცა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები C ჯგუფშიც დასრულდა. ინგლისის ნაკრებმა ზედიზედ მეორე შეხვედრა ვერ მოიგო. გარეთ საუთგეიტის გაწვრთნილებმა სლოვენიასთან ფრედ, 0:0 ითამაშეს, თუმცა ჯგუფში მაინც პირველი ადგილი დაიკავეს.
ფაქტები:
- ინგლისს ევროპის ჩემპიონატებზე გოლი ზედიზედ 25 შეხვედრაში ჰქონდა გატანილი.
- გარეთ საუთგეიტი პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ინგლისის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე 10 შეხვედრაში უხელმძღვანელა.
- ევრო 2024-ზე ინგლისის ეროვნული გუნდის რიგებში კოულ პალმერის დებიუტი შედგა, რომელმაც გასულ სეზონში „ჩელსის“ შემადგენლობაში 25 გოლით გამოიჩინა თავი.
- ევრო 2024-ზე C ჯგუფში ყველაზე ცოტა გოლი გავიდა. გუნდებმა ერთმანეთის კარში მხოლოდ 7 გოლი გაიტანეს.
20′ წუთი. დეკლან რაისის გამჭოლი გადაცემის შემდეგ ფილ ფოდენმა საჯარიმოში ბუკაიო საკა მონახა, რომელმაც გაიტანა, თუმცა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.
საბოლოოდ, ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფში ინგლისი პირველ ადგილზე 5 ქულით გავიდა. მეორე ადგილი დანიამ დაიკავა, ხოლო მესამეზე სლოვენიაა. სერბეთისთვის ევრო 2024 დასრულებულია.
მერვედფინალში ინგლისი 30 ივნისს გელზენკირხენში D, E ან F ჯგუფის მესამეადგილოსანს შეხვდება, ხოლო დანია 29 ივნისს დორტმუნდში გერმანიას დაუპირისპირდება. რაც შეეხება სლოვენიას, ეს ნაკრები ოთხ საუკეთესო მესამეადგილოსანს შორის მოხვდება და პლეი ოფში ან E ჯგუფის გამარჯვებულს ეთამაშება, ან პორტუგალიას.
ამ ჯგუფში თამაშების დასრულების შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მერვედფინალში გასასვლელად პორტუგალიასთან მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.