ევრო 2024 | ინგლისის ნაკრებმა ჯუდ ბელინგემის გოლით სერბეთი დაამარცხა და C ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია [ვიდეო] #1TVSPORT

ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ინგლისის ნაკრებმა ევრო 2024-ზე პირველი მატჩი გამართა. მისი მეტოქე სერბეთი იყო, რომელიც ანგარიშით 1:0 დაამარცხა და C ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერი გახდა. ამ ჯგუფის პირველი შეხვედრა სლოვენიასა და დანიას შორის ფრედ, 1:1 დასრულდა.

 

ფაქტები 

  • მატჩის წინა დღეს გელზენკირხენის ერთ-ერთ პაბში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ინგლისის ნაკრებისა და სერბეთის ფანები. ბრიტანელებს რამდენიმე ალბანელი ულტრასი დაეხმარა. გერმანიის პოლიცია საქმეში დროულად ჩაერია. დაშავდა ერთი სერბი და სამი ინგლისელი გულშემატკივარი.
  • ჯუდ ბელინგემი პირველი ევროპელი ფეხბურთელია, რომელსაც 20 წლის ასაკში სამ დიდ შეჯიბრებაში აქვს ნათამაშები. პირველად ევრო 2020-ზე გამოჩნდა, შემდეგი იყო მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი, მესამე – ევრო 2024, რომელსაც ჯუდი 20 წლისა და 353 დღისა შეხვდა.
  • ინგლისს ყველაზე მეტი მატჩი (38) აქვს ჩატარებული ევროპის ჩემპიონატებზე იმ ნაკრებებს შორის, რომლებსაც ევრო არასოდეს მოუგიათ.
  • ინგლისმა და სერბეთმა კარისკენ ჯამში 11-ჯერ დაარტყეს, რაც 1980 წლის შემდეგ (სწორედ ამ წლიდან ითვლება მატჩის სრული სტატისტიკა) ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

13′ წუთი. პირველ ტაიმში სერბეთის კარს ყველაზე მეტი ხიფათი ინგლისის მარჯვენა ფლანგიდან ექმნებოდა. ამის მიზეზი ბუკაიო საკას ფლანგური გარღვევები იყო. ერთ-ერთ ასეთ იერიშს საკას პასი და ბელინგემის თავური დარტყმა მოჰყვა.

ბელინგემი მესამე ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გაიტანა:

18 წლისა და 237 დღის: უეინ რუნი (vs შვეიცარია, ევრო 2004)
20 წლისა და 189 დღის: მაიკლ ოუენი (vs რუმინეთი, ევრო 2000)
20 წლისა და 353 დღის: ჯუდ ბელინგემი (vs სერბეთი, ევრო 2024)

სერბეთთან გამარჯვებით ინგლისის ნაკრებმა დიდი ნაბიჯი გადადგა პლეიოფისკენ. მომდევნო ტურში, 20 ივნისს სერბეთი სლოვენიას დაუპირისპირდება, ინგლისი – დანიას.