ევრო 2024 | ინგლისის ნაკრებმა დანიასთან ქულები დაკარგა [ვიდეო] #1TVSPORT
ფრანკფურტში ევრო 2024-ის B ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში ინგლისის ნაკრები დანიას შეხვდა. ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა და სკანდინავიელებთან მხოლოდ ქულა მოიპოვა – 1:1.
ფაქტები
- ჰარი კეინს ინგლისელი ფეხბურთელებიდან დიდ ტურნირებზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში ყველაზე მეტი, 13 გოლი აქვს გატანილი.
- ჯორდან პიკფორდმა დიდ ტურნირებზე 21-ე მატჩი ჩაატარა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ინგლისის ნაკრების მეკარეებს შორის, მან პიტერ შილტონის (20) რეკორდი გააუმჯობესა
- მორტენ ჰიულმანდის გოლი მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მე-13 იყო საჯარიმოს გარედან. ეს მაჩვენებელი უკვე აღემატება ევრო 2020-ის შედეგს.
18′ წუთი. დანიელი მცველის, კრისტიანსენის შეცდომა კაილ უოლკერმა გამოიყენა, მან კარის გასწვრივ სახიფათოდ ჩააწოდა, რითიც ჰარი კეინმა ისარგებლა. ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ტურნირზე პირველი გოლი გაიტანა.
34′ წუთი. დანიის ნაკრებმა წონასწორობა მორტენ ჰიულმანდის გოლით აღადგინა. სკანდინავიური გუნდის ნახევარმცველმა ინგლისელთა კარი შორეული დარტყმით აიღო.
შედეგად, ინგლისის ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და ჯგუფში პირველ ადგილზეა, დანია კი 2 ქულით მესამე პოზიციას იკავებს. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ინგლისელები სლოვენიას შეხვდებიან, ხოლო დანია – სერბეთს.