ევრო 2024 I ვილი სანიოლმა ნაკრებში კანკავას ნაცვლად სიგუა გამოიძახა #1TVSPORT
ვილი სანიოლმა ევრო 2024-მდე დასახელებულ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილება შეიტანა და ჯაბა კანკავას ნაცვლად შვეიცარიული „ბაზელის“ 18 წლის ნახევარმცველი, გაბრიელ სიგუა გამოიძახა.
38 წლის ჯაბა კანკავა, რომელსაც საქართველოს ნაკრების მაისურით 101 მატჩი აქვს ჩატარებული, ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს – ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ამ გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელით აცნობა.
ჯაბა კანკავას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და იძულებით ცვლილებაზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ისაუბრა.
„ჯაბა კანკავა ნაკრების გამოცდილი და დამსახურებული ფეხბურთელია. ვფიქრობ, მარტის პლეი ოფის მატჩებში მისი ნაკრებთან ერთად ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და გუნდში დიდი მუხტი შემოიტანა. ჩემი სურვილი იყო, რომ ჯაბა ევროპის ჩემპიონატზე ისევ ჩვენთან ერთად ყოფილიყო და კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდისთვის.
პირადად ჩემთვის მისი გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა, თუმცა ამავდროულად, მას პატივს ვცემ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ კანკავა იმავე პოზიციის ფეხბურთელით ჩანაცვლდეს და ნაკრები დაბალანსებულად დაკომპლექტდეს. ჯაბა კანკავას ნაცვლად გუნდს შვეიცარიული „ბაზელის“ წევრი, გაბრიელ სიგუა შეუერთდება“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.
ჯაბა კანკავას სანაკრებო დებიუტი 2004 წლის 8 სექტემბერს, ალბანეთთან შეხვედრაში შედგა. თითქმის 20-წლიანი სანაკრებო კარიერის განმავლობაში კანკავამ ეროვნული გუნდის მაისურით 101 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა. ბოლო შეხვედრა ჯაბა კანკავამ ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში, ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართა.