ევრო 2024 | ევროპის ჩემპიონატის მეორე ფინალისტი დღეს ინგლისისა და ნიდერლანდების მატჩში გამოვლინდება #1TVSPORT
ევრო 2024 | ევროპის ჩემპიონატის მეორე ფინალისტი დღეს ინგლისისა და ნიდერლანდების მატჩში გამოვლინდება #1TVSPORT

დღეს დორტმუნდის „BVB არენაზე“ ევროპის ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ინგლისისა და ნიდერლანდების ნაკრებები შეხვდებიან. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

 

ფაქტები

  • ნიდერლანდების ნაკრები 2004 წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში პირველად ითამაშებს.
  • ნიდერლანდებისა და ინგლისის ნაკრებები დიდ საფეხბურთო ტურნირზე (ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატი) მეოთხედ ხვდებიან ერთმანეთს. რაც შეეხება წინა სამ დაპირისპირებას: ევრო 1988-ზე ნიდერლანდებმა 3:1 მოიგო. 1990 წლის მუნდიალზე მატჩი 0:0 დასრულდა, ხოლო ევრო 1996-ის ჯგუფურ ეტაპზე ინგლისელებმა მეტოქეს 4:1 სძლიეს.
  • გარეთ საუთგეიტის ხელმძღვანელობით ინგლისის ნაკრები ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში.
  • ნიდერლანდების ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში აქამდე ხუთჯერ ითამაშა და მხოლოდ ერთხელ, 1988 წელს მოიგო და ჩემპიონიც გახდა.
  • დიდ საფეხბურთო ტურნირზე ნიდერლანდების ნაკრებს პენალტების სერიაში ორი მოგება და ექვსი წაგება აქვს, ინგლისელებს – ოთხი მოგება და შვიდი წაგება.

 


ნიდერლანდების ნაკრების გზა ნახევარფინალამდე


ჯგუფური ეტაპი

ნიდერლანდები – პოლონეთი 2:1

ნიდერლანდები – საფრანგეთი 0:0

ნიდერლანდები – ავსტრია 2:3

1/8-ფინალი


ნიდერლანდები – რუმინეთი 3:0

1/4-ფინალი


ნიდერლანდები – თურქეთი 2:1

 


ინგლისის ნაკრების გზა ნახევარფინალამდე


ჯგუფური ეტაპი

ინგლისი – სერბეთი 1:0

ინგლისი – დანია 1:1

ინგლისი – სლოვენია 0:0

1/8-ფინალი


ინგლისი – სლოვაკეთი 1:1, 2:1 დ.დ.

1/4-ფინალი


ინგლისი – შვეიცარია 1:1, პენ. 5:3

მწვრთნელების კომენტარი

რონალდ კუმანი (ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „განსაკუთრებული მოვლენაა მთელი ქვეყნისთვის. ჩვენ პატარა ერი ვართ და ნახევარფინალში გავედით ინგლისთან, საფრანგეთსა და ესპანეთთან ერთად, რითაც ძალიან ვამაყობთ.

ევროპის ჩემპიონატზე რთული მომენტები გამოვიარეთ და ნახევარფინალში ვთამაშობთ, რაც უკვე დიდი წარმატებაა“.

გარეთ საუთგეიტი (ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ნიდერლანდების ნაკრები ძლიერი და მებრძოლი გუნდია. მათ ძალიან გამოცდილი მწვრთნელი ჰყავთ, მზად ვართ მათთან ორთაბრძოლისთვის, ძალიან საინტერესო თამაში იქნება. ორივე მხარეს ბევრი კარგი ფეხბურთელ თამაშობს. ფინალამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს და ვეცდებით, მატჩი ჩვენთვის სასარგებლო შედეგით დავასრულოთ“.

შეგახსენებთ, რომ ინგლისსა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებული 14 ივლისს ფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელმაც 9 ივლისს ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრები 2:1 დაამარცხა.