ევრო 2024 | ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს ფრანგი არბიტრი განსჯის #1TVSPORT
30 ივნისს საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალურ მატჩში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. კიოლნში შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
უეფა-მ ამ მატჩზე მსაჯები დანიშნა – შეხვედრას ფრანგი არბიტრი ფრანსუა ლეტექსიე განსჯის, მას თანამემამულეები – სირილ მუნიე და მედი რამუნი დაეხმარებიან, ვიდეორეფერიც ფრანგი – ჟერომ ბრიზარი იქნება.
ლეტექსიეს „ჯვაროსნების“ თამაში აქამდე ერთხელ უმსაჯია – 2019 წლის 8 სექტემბერს „დინამო არენაზე“ საქართველოსა და დანიის (0:0) ნაკრებების მატჩის მთავარი მსაჯი იყო.
საფრანგეთის ბრეტანში დაბადებული ლეტექსიე 35 წლისაა. ფიფა-ს მსაჯთა სიაში 2017 წლიდან მოხვდა და უეფა-ს ელიტური მსაჯების კატეგორიაშია. 2019 წლის აპრილში დაინიშნა უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის ფინალში „პორტუსა“ და „ჩელსის“ მატჩზე.
2021 წლის 20 მაისს იმსაჯა საფრანგეთის თასის ფინალი „მონაკოსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის. ექვს დღეში კი ევროპა ლიგის ფინალში „ვილიარეალისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მატჩი განსაჯა, როგორც VAR-ის წარმომადგენელმა. 2022 წლის 20 აგვისტოს ლეტექსიემ ლიგა 2-ში „სენტ ეტიენისა“ და „ჰავრის“ მატჩში ოთხი წითელი ბარათი აჩვენა.
2023 წლის 16 აგვისტოს იყო ევროპის სუპერთასზე „მანჩესტერ სიტისა“ და „სევილიას“ მატჩის მსაჯი. 2024 წლის აპრილში ფრანგი არბიტრი პარიზის ოლიმპიადისა და გერმანიაში ევრო 2024-ის მსაჯთა შორის მოხვდა. იმავე თვეში უეფა-მ დანიშნა მეოთხე მსაჯად ჩემპიონთა ლიგის ფინალში დორტმუნდის „ბორუსიისა“ და მადრიდის „რეალის“ დაპირისპირებაში, ასევე განსაჯა საფრანგეთის თასის ფინალი „ლიონსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის.