ევრო 2024 | ესპანეთის ნაკრებმა იტალია დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
გელზენკირხენში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის B ჯგუფის შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა იტალია 1:0 დაამარცხა და მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა.
ფაქტები
- რიკარდო კალაფიორის ავტოგოლი მეხუთე იყო მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე.
- იტალიისა და ესპანეთისთვის ეს მატჩი მე-11 იყო დიდ ტურნირებზე (მსოფლიო ჩემპიონატზე – 8, ევროპის ჩემპიონატზე – 3), რაც რეკორდია ევროპულ ნაკრებებს შორის.
- ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი პედრი კრიშტიანუ რონალდუს მაჩვენებელს გაუთანაბრდა. მან 21 წლის ასაკისთვის მთავარ სანაკრებო ტურნირებზე 12 შეხვედრა ჩაატარა, მსგავსი შედეგი ჰქონდა პორტუგალიელ ფეხბურთელსაც.
- ესპანეთის ეროვნული გუნდი მატჩის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდა, „ფურია როხამ“ მეტოქის კარის მიმართულებით 20-ჯერ დაარტყა, ხოლო იტალიის ნაკრების მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ 8 დარტყმა მოიგერია, ერთხელ კი ბურთი ხარიხას მოხვდა.
55′ წუთი. შეხვედრაში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ფეხბურთელის, ესპანეთის ნაკრების გარემარბის, ნიკო უილიამსის აქტიურობის შემდეგ ბურთი ალვარო მორატას მიუვიდა, რასაც რიკარდო კალაფიორის ავტოგოლი მოჰყვა.
ორი ტურის შემდეგ B ჯგუფს ესპანეთის ნაკრები 6 ქულით ლიდერობს და მეტოქეთათვის მიუწვდომელია. რაც შეეხება იტალიას, ლუჩანო სპალეტის გუნდს 3 ქულა აქვს და მეორეა. ბოლო ტურში ესპანეთი ალბანეთს შეხვდება, ხოლო იტალია – ხორვატიას. ლუის დე და ფუენტეს გაწვრთნილი ესპანეთი მერვედფინალში A, D, E ან F ჯგუფის მესამეადგილოსანს 30 ივნისს კიოლნში დაუპირისპირდება.