ევრო 2024 | დიდიე დეშამი - თუ ესპანელთა შეტევას გავითვალისწინებთ, დაცვაში თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება #1TVSPORT
ევრო 2024 | დიდიე დეშამი - თუ ესპანელთა შეტევას გავითვალისწინებთ, დაცვაში თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება #1TVSPORT

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა ევრო 2024-ზე ესპანეთის ნაკრებთან მოახლოებული ნახევარფინალური შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

როგორც ფრანგი სპეციალისტი აცხადებს, ნახევარფინალში საფრანგეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვაში თამაში იქნება.

„ესპანეთის ნაკრები ყოველთვის გამოირჩეოდა ნახევარდაცვაში ძლიერი ასპარეზობით. მათ შეხვედრაზე კონტროლის დაწესება შეუძლიათ, განსაკუთრებით როდრის გამოვარჩევდი. ეს გუნდი ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო იყო.

კილიან მბაპესთვის პორტუგალიასთან დამატებითი დრო რთული აღმოჩნდა და გვსურდა, დასვენების საშუალება მიგვეცა. დარწმუნებული ვარ, მბაპე ესპანეთთან თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენს. ენერგიის აღდგენა მოვახერხეთ, გუნდში შესანიშნავი განწყობაა.

თუ ამ ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების შეტევას გავითვალისწინებთ, საფრანგეთისთვის მნიშვნელოვანი დაცვაში თამაში იქნება, თუმცა შეტევაშიც ეფექტურად უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა დეშამმა.

ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებების ნახევარფინალური შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.