დღეს, 26 ივნისს გელზენკირხენის „აუფ შალკე არენაზე“ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მესამე მატჩს ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან და F ჯგუფის ლიდერთან, პორტუგალიასთან გამართავს, რომელსაც პლეი ოფის საგზური პირველი ადგილით აქვს განაღდებული. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.
ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიამ ჩეხეთს – 2:1, ხოლო თურქეთს 3:0 მოუგო. საქართველომ თურქეთთან 1:3 წააგო, ხოლო ჩეხეთთან 1:1 ითამაშა და მერვედფინალში გასასვლელად პორტუგალიასთან მხოლოდ მოგება აძლევს ხელს.
გუნდების სიახლეები
საქართველოს ნაკრებისთვის კარგი ის არის, რომ პორტუგალიასთან შეხვედრამდე გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა ოთარ კიტეიშვილმა, რომელმაც პირველი ორი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. მისი თამაში კი გუნდისთვის მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება პორტუგალიელებს, მათ ჯგუფში პირველი ადგილი გარანტირებული აქვთ და რობერტო მარტინესი რამდენიმე ფეხბურთელს, სავარაუდოდ, დასვენების შესაძლებლობას მისცემს. დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას პორტუგალიელთა ერთ-ერთი ლიდერი – რაფაელ ლეაო გამოტოვებს.
მწვრთნელების კომენტარი
ვილი სანიოლი (საქართელო) – „პორტუგალია ძლიერი გუნდია და თუ მცირე შანსი მაინც იქნება, მას გამოვიყენებთ. აქ ყოფნაც დიდი გამარჯვებაა. ვინმეს რომ ეთქვა, ბოლო ტურის წინ მერვედფინალში გასვლის შანსი გვექნებოდა, ვერ დავიჯერებდი.
ოთარ კიტეიშვილი პირველ ორ მატჩში ფორმაში არ იყო, მაგრამ ახლა მზად იქნება. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ.
რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძეს, ის გუნდის ნაწილია, თურქეთთან ითამაშა, ჩეხეთთან კი მოედანზე სხვა მოთამაშის შეშვება ვამჯობინე. პორტუგალიასთან თამაშისთვის შემადგენლობაზე თამაშის დღეს საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. მინდა, სწორი გადაწყვეტილება მივიღო მხოლოდ საფეხბურთო ფაქტებზე დაყრდნობით“.
რობერტო მარტინესი (პორტუგალია) – „გამარჯვებისთვის ვემზადებით. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ძალიან საინტერესო ფეხბურთი აჩვენა, მათ წარმატების მიღწევა ჩეხეთთანაც შეეძლოთ და თურქეთთანაც. მზადება სრული კონცენტრაციით უნდა განვაგრძოთ და გავიმარჯვოთ.
ჯერჯერობით საქართველოსთან თამაშზე ვფიქრობთ, ახლა ესაა ჩვენთვის მთავარი მატჩი. პლეი ოფის შეხვედრებზე კი მხოლოდ ამის შემდეგ გადავერთვებით.
შემიძლია ვთქვა, რომ კრიშტიანო რონალდო სასტარტო შემადგენლობაში იქნება. ის ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა“.
ფაქტები
- საქართველოს ნაკრებს ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ სამი აქვს წაგებული (4 მოგება, 3 ფრე) და მხოლოდ ერთში ვერ მოახერხა გოლის გატანა (26 მარტს საბერძნეთთან პლეი ოფის ფინალის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა).
- ჩეხეთთან გატანილი გოლი გიორგი მიქაუტაძისთვის მე-12 იყო საქართველოს ნაკრების მაისურით (27 მატჩში). ამ მაჩვენებლით იგი ნაკრების ყველა დროის ბომბარდირებში ლევან კობიაშვილსა და გიორგი დემეტრაძეს გაუთანაბრდა. დემეტრაძემ ეროვნულ გუნდში 56 შეხვედრა ჩაატარა, კობიაშვილმა – 100.
- კრიშტიანო რონალდო მეექვსედ თამაშობს ევროპის ჩემპიონატზე, რაც რეკორდია. ის პირველი ევროპელი ფეხბურთელი გახდება, რომელსაც დიდ სანაკრებო ტურნირზე 50 თამაში ექნება ჩატარებული – „ჯვაროსნებთან“ შეხვედრა მისთვის ევროპის ჩემპიონატზე 28-ე იქნება, 22 მატჩი კი მსოფლიოს ჩემპიონატზე აქვს ჩატარებული.
- საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში პირველად ითამაშებს. პორტუგალია კი ამ ქალაქში მესამე მატჩს ჩაატარებს. წინა ორი შემთხვევა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა – პორტუგალიელებმა ჯგუფურ ეტაპზე მექსიკას 2:1 სძლიეს, მეოთხედფინალში კი ინგლისს პენალტების სერიაში აჯობეს.
- ევროპის ჩემპიონატების ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიამ სამივე მატჩი მხოლოდ ერთხელ – ევრო 2000-ზე მოიგო.
მატჩამდე უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ნაკრები საინტერესოდ არის დახასიათებული.
საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე თავისი კვალი უკვე დატოვა
„26 ივნისს F ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს საქართველო და პორტუგალია შეხვდებიან. პოზიტიურმა და მონდომებულმა საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე თავისი კვალი უკვე დატოვა. ის ფაქტი, რომ ბოლო ტურის წინ ვილი სანიოლის გუნდი პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს, მათთვის საამაყოა. ეს გუნდები აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს – 2008 წელს ქალაქ ვიზეუში პორტუგალიის ნაკრებმა 2:0 მოიგო.
პორტუგალიას ჯგუფში პირველი ადგილი გარანტირებული აქვს და რობერტო მარტინესი ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელს ალბათ დასვენების შესაძლებლობას მისცემს, თუმცა ამით საქართველოს ამოცანა არ გამარტივდება და მეკარე გიორგი მამარდაშვილს, შესაძლოა, მორიგი დატვირთული საღამო ჰქონდეს. მაგრამ ქართველებს დასაკარგი არაფერი აქვთ – მოგების შემთხვევაში გუნდი პლეი ოფში ითამაშებს“.
ურთიერთშეხვედრები
პორტუგალია 2:0 საქართველო
31 მაისი, 2008. ამხანაგური მატჩი. ვიზეუ. 8500 მაყურებელი
გოლები: 1:0 ჟოაო მუტინიუ (18), 2:0 სიმაო საბროსა (44, პენალტით)
პორტუგალია: რიკარდო (46. კუიმი), ჟოზე ბოსინგვა (61. ლუიშ გარსია), პეპე (62. ფერნანდო მეირა), რიკარდო კარვალიო (46. ბრუნო ალვეში), პაულო ფერეირა, ჟოაო მუტინიო (71. მიგელ პერეირა), პეტიტი (46. მიგელ ველოზუ), დეკუ (46. რაულ მეირელეში), კრიშტიანო რონალდო (46. კუარეჟმა), ნუნუ გომეში ( 62. ელდერ პოშტიგა), სიმაო საბროსა (46. ლუიშ ნანი).
მწვრთნელი: ლუიშ ფელიპე სკოლარი (ბრაზილია).
საქართველო: გიორგი ლორია, უჩა ლობჟანიძე, ზურაბ ხიზანიშვილი (კაპ), მალხაზ ასათიანი, გიორგი ნავალოვსკი (81. გიორგი მერებაშვილი), ზურაბ მენთეშაშვილი (61. ამირან სანაია), ლევან ყენია (68. რევაზ ბარაბაძე), ლევან კობიაშვილი (46. ბექა გოცირიძე), ალექსანდრე იაშვილი (46. დავით დევდარიანი), რატი ალექსიძე (38. დავით მუჯირი), ლევან ცქიტიშვილი (46. ირაკლი კლიმიაშვილი).
მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი: პეტარ სეგრტი (ხორვატია).
მსაჯი: მეირ ლევი (ისრაელი).