ევრო 2024 | ბოლო მეოთხედფინალისტიც გამოვლინდა - თურქეთმა ავსტრია დაამარცხა და საუკეთესო რვა გუნდში მოხვდა [ვიდეო] #1TVSPORT

ევრო 2024-ის ბოლო მერვედფინალურ მატჩში თურქეთის ნაკრებმა ავსტრია დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში ითამაშებს.

 

ფაქტები

  • 1964 წლის შემდეგ თურქეთის ნაკრები პირველი გუნდი გახდა, რომელის შემადგენლობაში დიდ საფეხბურთო ტურნირზე (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატი) 20 წლამდე ასაკის ორმა ფეხბურთელმა ითამაშა – გიულერი და ილდიზი ავსტრიასთან მატჩში 19 წლისანი იყვნენ.
  • ავსტრია და თურქეთი დიდ საფეხბურთო ტურნირზე პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.
  • ბოლოს ავსტრიის ნაკრები თურქეთს ამხანაგურ მატჩში მიმდინარე წლის მარტში შეხვდა და 6:1 მოუგო.
  • ევრო 2024-ზე მეორე დუბლი თურქეთის ნაკრების მცველმა, მერიჰ დემირალმა შეასრულა.
  • მერიჰ დემირალის გოლი ავსტრიის ნაკრების კარში, რომელიც 57-ე წამზე გავიდა, ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მეორე ყველაზე სწრაფი გოლია. აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატების ყველაზე სწრაფი გოლიც ამ ჩემპიონატზე გავიდა, რომელიც იტალიასთან მატჩში ალბანელმა ბაირამმა გაიტანა (23-ე წამი).

1 წუთი’ – თურქეთის ნაკრებმა სწრაფი გოლი გაიტანა. კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ავსტრიელმა მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა, იქ კი ყველას მერიჰ დემირალმა დაასწრო და ანგარიში გახსნა.

60 წუთი’ – თურქეთის ნაკრებმა ანგარიში ორამდე გაზარდა – არდა გიულერმა კუთხურიდან მოაწოდა ბურთი და მერიჰ დემირალმა თავური დარტყმით დუბლი შეასრულა – 2:0.

67 წუთი’ – ავსტრიის ნაკრებმა ერთი გოლი მალე გაქვითა – გოლი კვლავ სტანდარტულ მდგომარეობას მოჰყვა – კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ ბურთი მიხაელ გრეგორიტჩმა გაიტანა.

თურქეთის ნაკრები 6 ივლისს მეოთხედფინალში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.