ევრო 2024 | ბასტიან შვაინშტაიგერი - დიდი პატივისცემა ქართველებს და მათ მწვრთნელს, ვილი სანიოლს კარგი თამაშისთვის #1TVSPORT
გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი ლიდერი ბასტიან შვაინშტაიგერი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და გუნდს და მის მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს მადლობა გადაუხადა.
„საბოლოოდ ძლიერმა ესპანელებმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს და ახლა ისინი მეოთხედფინალში გერმანიის ნაკრებს შეხვდებიან – ეს ტურნირის აქამდე ორი საუკეთესო გუნდის მატჩი იქნება. დიდი პატივისცემა ქართველებს და მათ მწვრთნელს, ვილი სანიოლს ტურნირზე კარგი თამაშისთვის“, – დაწერა სოციალურ ქსელში ბასტიან შვაინშტაიგერმა.
საქართველოს ნაკრები რომ ტურნირის აღმოჩენაა, ამას მხოლოდ შვაინშტაიგერი არ აღიარებს – იგივე გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა და არაერთმა ცნობილმა ევროპელმა სპეციალისტმა თქვა. პირველივე ტურნირზე „ჯვაროსნები“ პლეი ოფში გავიდნენ და 16 საუკეთესო გუნდს შორის დაიმკვიდრეს ადგილი.
ამას გარდა, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ბევრ გრანდზე მეტი გოლი გაიტანა, ხოლო გიორგი მიქაუტაძე ჯგუფური ეტაპის ბომბარდირი გახდა. გამორჩეულად ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა – „ჯვაროსნების“ მეკარეს ევრო 2024-ზე 30 მოგერიება ჰქონდა, რაც მიმდინარე ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგია, ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში კი – მეორე მაჩვენებელი.