ევრო 2024 | უეფა-მ გუნდების განაცხადში მოთამაშეთა რაოდენობა, შესაძლოა, 26-მდე გაზარდოს #1TVSPORT
უეფა-მ ევრო 2024-ზე გუნდების განაცხადში მოთამაშეთა რაოდენობა, შესაძლოა, 26-მდე გაზარდოს – ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირის გადაწყვეტილების შესახებ გამოცემა Athletic-ი იტყობინება.
უეფა-ში განაცხადეს, რომ გაითვალისწინეს ეროვნული ნაკრებების მწვრთნელთა მოსაზრებები ევრო 2024-ზე სამატჩო განაცხადში მოთამაშეთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებას 8 აპრილს, უეფა-ს კონგრესზე მიიღებენ, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების წარმომადგენელები დაესწრებიან.
„უეფა-ს კონგრესი 8 აპრილს გაიმართება და მწვრთნელების მოსაზრებებს მოისმენენ. ამ კუთხით ნებისმიერი იდეა განიხილება და შეფასდება“, – განაცხადა უეფა-ს წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ Covid-19-ით გამოწვეული გადატვირთული კალენდრის გამო ევრო 2020-ზე უეფა-მ მოთამაშეთა რაოდენობა 23-დან 26-მდე გაზარდა. ერთი წლის შემდეგ ფიფა-მ ნება დართო გუნდებს, კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე განაცხადში 26 ფეხბურთელი შეეყვანათ.
ევროპის ჩემპიონატის წესდებაში, რომელიც 2023 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ნაკრებებს სამატჩო განაცხადში 23 მოთამაშის შეყვანა შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან (18 ივნისს დორტმუნდში), ჩეხეთსა (22 ივნისს ჰამბურგში) და პორტუგალიასთან (26 ივნისს გელზენკირხენში) ითამაშებს.