ევრო 2023-ზე მედლებისთვის ბრძოლა შეგვიძლია - საბა საზონოვს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების იმედი აქვს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებში ნიჭიერი თაობაა და ევრო 2023-ზე წარმატების მიღწევა შეუძლია, – ამის შესახებ Sport 24-თან ინტერვიუში „ჯვაროსნების“ მცველმა, საბა საზონოვმა ისაუბრა და ევროპაში წასვლის პერსპექტივაც ახსენა.
„იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შთამბეჭდავია და ძალიან გვახარებს, მაგრამ ევროპაში სხვა ქართველი ბიჭებიც არიან, რომლებიც ასევე მაგრად თამაშობენ. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ქართველებს კარგი თაობა გვყავს, როგორც ძირითად, ასევე ახალგაზრდულ ნაკრებში.
ჩვენ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე მედლებისთვის შეგვიძლია ბრძოლა. ტურნირი საქართველოში გაიმართება და ეს დიდი პლუსია. ნაკრების საშინაო თამაშებზე სტადიონი ყოველთვის სავსეა. თავისუფალ ადგილს ვერ ნახავთ. რა თქმა უნდა, ასეთ გარემოში თამაში გაცილებით სასიამოვნოა.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი პოზიტიური და მშვიდი ადამიანია, ნამდვილი ფრანგია. ამასთან, გამოცდილი სპეციალისტია, მისი ინტელექტი პირველივე შეხვედრისას იგრძნობა.
CIES-მა მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიული მცველების სიაში რომ დამასახელა, ბუნებრივია, მესიამოვნა. ეს ჩემი მუშაობისა და პროგრესის მაჩვენებელია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავაგრძელო ზრდა.
ჩემს მიმართ ევროპელთა ინტერესს რაც შეეხება: იტალიურ კლუბზე გავრცელებული ინფორმაციების შემდეგ შავგვრემანი გარეგნობის, გრძელი და შეკრული თმის გამო ბიჭები ხუმრობდნენ, ეტყობა, თავისიანად ჩაგთვალეს, იტალიელი ჰგონიხართო”, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მცველმა, რომელსაც, ასაკიდან გამომდინარე, ევრო 2023-ზე თამაშის უფლება აქვს.