ევრო 2023 | კვარაცხელიასა და მიქაუტაძის გადაწყვეტილებამ საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაახარა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გადაწყვეტილებამ, არ ეთამაშათ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების მეტოქეები ძალიან გაახარა.
Maisfutebol-ი, პორტუგალია
„ერთ-ერთი ნაკრები, ვინც კვარაცხელიასა და მიქაუტაძის ამ გადაწყვეტილებით მოიგებს, პორტუგალიაა, რომელიც 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად მოხვდა და 21 ივნისს, გახსნის მატჩში მასპინძლებს დაუპირისპირდება“.
Nieuwsblad-ი, ბელგია
„კარგი ამბავი ახალგაზრდა ბელგიელებისთვის და იმედგაცრუება გულშემატკივრებისთვის – „ნაპოლის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია და „მეცის“ ბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებენ.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თავის საკვანძო მოთამაშეებს ვერ დაეყრდნობა. ეს ახალგაზრდა ბელგიელებს გაახარებთ, სამაგიეროდ, ნეიტრალურ და ქართველ გულშემატკივრებს გულს დაწყვეტს.
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში აღმოჩენა იყო. „კვარადონა“ მისი მრავლისმეტყველი მეტსახელია. მან გასულ სეზონში ნეაპოლელები ტიტულამდე მიიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიას საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ბევრი ელოდა, გარემარბი ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებს.
იგივე ამბავია გიორგი მიქაუტაძის შემთხვევაშიც. ევროპის ჩემპიონატზე ისიც არ ითამაშებს. „მეცის“ 22 წლის თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გადატვირთული გრაფიკის გამო 21-წლამდელთა ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებს. ქართველს უმეტესობა ჩვენგანი „სერენიდან“ იცნობს, სადაც 57 მატჩში 36 გოლი გაიტანა. მიქაუტაძემ ბოლო სეზონი „მეცში“ მაღალ დონეზე ჩაატარა, 24 გოლით საფრანგეთის ლიგა 2-ის ბომბარდირი და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მისი ტრანსფერით რამდენიმე გრანდი დაინტერესდა“.
Voetbalprimeur-ი, ნიდერლანდები
„ხვიჩა კვარაცხელია 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს. 22 წლის ქართველმა ვარსკვლავმა სერია A-ში სეზონი 12 გოლით და 10 საგოლე გადაცემით დაასრულა, „ნაპოლიში“ იტალიის ჩემპიონი გახდა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში იყო, მაგრამ საბოლოოდ ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს.
კვარაცხელიას არყოფნა მასპინძლებისთვის დიდი დარტყმაა, ნიდერლანდელი ახალგაზრდებისთვის კი – კარგი ამბავი. ერვინ ვან დე ლოის გუნდი საქართველოსთან ერთად A ჯგუფშია. დანარჩენი ორი მეტოქე პორტუგალია და ბელგიაა“.