ევრო 2023-ის მასპინძლობისთვის 100 მილიონი ლარი გამოიყო - საქართველოში 12 სტადიონი მოეწყობა #1TVSPORT
ევრო 2023-ის მასპინძლობისთვის 100 მილიონი ლარი გამოიყო - საქართველოში 12 სტადიონი მოეწყობა #1TVSPORT

ევრო 2023-ისთვის, რომელსაც საქართველო რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იწყება, – ინფორმაციას სფფ-ს პრეს-სამსახური ავრცელებს.

2023 წელს უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურნირია, რომელიც საქართველოში გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად, „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იწყება. პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონი ლარია. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია, როგორც სავარჯიშო მოედნების რეკონსტრუქცია, ისე ახალი სტადიონების პროექტირება-მშენებლობა. არსებული ინფრასტრუქტურის გარდა, ჩემპიონატისთვის, საერთო ჯამში 12 ობიექტი მოეწყობა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება“, – წერია სფფ-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუმინეთში უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ჩემპიონატის ფარგლებში საქართველო რუმინეთთან ერთად ევროპის 16 ნაკრებ გუნდს უმასპინძლებს, რომელიც ორ ქვეყანას შორის ჯგუფებში თანაბრად გადანაწილდება.

ტურნირის ფარგლებში საქართველოში 16 მატჩი გაიმართება. ჯგუფური და მეოთხედფინალური მატჩები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ფინალურ მატჩს კი ბათუმის აჭარაბეთ არენა უმასპინძლებს.