ევრო 2023-ის ფინალი | ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი - ინგლისის დასამარცხებლად სრულყოფილთან მიახლოებული ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ #1TVSPORT
ევრო 2023-ის ფინალამდე, რომელიც ხვალ ბათუმში გაიმართება, ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სანტი დენიამ „ბათუმი არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და ინგლისთან მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელშიც პირინეელები 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მეექვსე გამარჯვებას იმედოვნებენ.
„თავიდანვე ვიცოდით, რომ ფინალში გასვლის შემთხვევაში ბათუმში გამგზავრება მოგვიწევდა. უკრაინასთან ნახევარფინალის შემდეგ ძალების აღდგენა მოვახერხეთ ისე, როგორც დაგეგმილი გვქონდა. ჩვენ, ყველანი ვემზადებით, რომ თამაშზე საუკეთესო ფორმაში მივიდეთ.
ინგლისის ნაკრების კონკრეტულ ფეხბურთელებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ მათ მწვრთნელზე უნდა ვთქვა, რომელსაც მინდა მივულოცო – მან შესანიშნავი გუნდი ჩამოაყალიბა. გუნდი ფინალში ისე გაიყვანა, რომ ინგლისს ვერცერთმა ნაკრებმა გოლი ვერ გაუტანა. ეს შესანიშნავი გუნდია, რომელთანაც ურთულესი თამაში გველის.
რაც შეეხება შემადგენლობას, ყოველთვის საუკეთესოებს ვათამაშებთ. ჩვენ გვყავს წარმოუდგენლად კარგი 23 მოთამაშე. ვინ მოხვდება ხვალ სასტარტო გუნდში, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ ფიზიკურ კონდიციაში იქნებიან. ნახევარფინალის შემდეგ ფეხბურთელებს ვაკვირდებით და შევაფასებ, ვინ როგორ მოახერხა ძალების აღდგენა. შანსი ყველას აქვს.
გასაგებია, რომ გამარჯვებისთვის თითქმის სრულყოფილი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. ინგლისის დასამარცხებლად სხვაგვარი თამაში წარმოუდგენელია. იდეალური ფეხბურთის ჩვენება შეუძლებელია, მაგრამ გამარჯვებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო“, – განაცხადა ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.