ევრო 2023 | ინგლისის ნაკრების წევრები ქობულეთელ ბავშვებს შეხვდნენ #1TVSPORT
ინგლისის ახალგაზრდული ნაკრები საქართველოშია და 2023 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას ქუთაისში დაასრულებს. მანამდე კი გუნდი ქართველ ბავშვებს შეხვდა, – ინფორმაციას ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
„ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მიიწვია 50-ზე მეტი ადგილობრივი სკოლის მოსწავლე საფეხბურთო ბაზაზე, სადაც ლი კარსლის გუნდი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადებას აგრძელებს“, – წერია ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ცნობაში.
ინგლისელები ბათუმში დაბინავდნენ, ქობულეთის ახალ საფეხბურთო ცენტრში ვარჯიშობენ და ბავშვებსაც იქ შეხვდნენ. ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელის, ლი კარსლის მიერ დასახელებულ შემადგენლობაში მოხვდნენ პრემიერლიგის რამდენიმე ახალგაზრდა ტალანტი, „ტოტენჰემის“ ფლანგის მცველი ჯედ სპენსი კი მუხლის პრობლემის გამო ტურნირს გამოტოვებს.
ახალგაზრდა „ლომები“ C ჯგუფში ჩეხეთის, გერმანიისა და ისრაელის გუნდებს დაუპირისპირდებიან. ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი ოთხშაბათს, 21 ივნისს დაიწყება და 8 ივლისს, შაბათს, ფინალამდე ორი კვირა გაგრძელდება. თამაშები რუმინეთში, კლუჟ-ნაპოკასა და ბუქარესტში, ასევე ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში გაიმართება.
ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრები
მეკარეები: ჯოშ გრიფიტსი (ვესტ ბრომვიჩი), კარლ რაშვორტი (ბრაიტონი), ჯეიმს ტრაფორდი (მანჩესტერ სიტი)
მცველები: მაქს აარონსი (ნორვიჩ სიტი), ჯარად ბრანტვეიტი (ევერტონი), ლევი კოლვილი (ჩელსი), ჩარლი კრესველი (ლიდსი იუნაიტედი), ტეილორ ჰარვუდ-ბელისი (მანჩესტერ სიტი), ბენ ჯონსონი (ვესტ ჰემი), ლუკ ტომასი (ლესტერ სიტი).
ნახევარმცველები: ტომი დოილი (მანჩესტერ სიტი), ჰარვი ელიოტი (ლივერპული), ჯეიმს გარნერი (ევერტონი), ანხელ გომესი (ლილი), კერტის ჯონსი (ლივერპული), ჯეიკობ რემზი (ასტონ ვილა), ოლივერ სკიპი (ტოტენჰემი)
თავდამსხმელები: კამერონ არჩერი (ასტონ ვილა), მორგან გიბს-უაიტი (ნოტინჰემ ფორესტი), ენტონი გორდონი (ნიუკასლი), ნონი მადუეკე (ჩელსი), კოულ პალმერი (მანჩესტერ სიტი) ემილ სმიტ როუ (არსენალი)