ევრო 2023 | ბელგიის ახალგაზრდულ ნაკრებს ორი საკვანძო მოთამაშე დააკლდა - ფილიპ ალბერი უკმაყოფილოა #1TVSPORT
დომენიკო ტედესკომ გამოაცხადა ბელგიის ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ევრო 2023-ის ჯგუფური ეტაპის მატჩებთვის მოემზადება. ამით უკმაყოფილო დარჩა ბელგიის ნაკრების ყოფილი მცველი ფილიპ ალბერი.
ალბერი თამაშობდა „შარლერუაში“, „მეხელენში“, „ანდერლეხტში“, „ნიუკასლსა“ და „ფულჰემში“. ბელგიის ნაკრების შემადგენლობაში 1990 და 1994 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე იყო, ახლა კი Belgian TV-ის საფეხბურთო კომენტატორია.
ბელგიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ყურადღებას ამახვილებს ცენტრალურ მცველ ამინ ალ-დაჰილსა (ბარნლი) და თავდამსხმელ ოლივიე დემანიზე (სერკლ ბრიუგე), რადგან ისინი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს და ახალგაზრდულ ნაკრებს საქართველოში გასამართ ევრო 2023-ზე ვერ დაეხმარებიან.
„განსაკუთრებით თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში არ არიან ალ-დაჰილი და დემანი, რომლებიც საქართველოში ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებენ. ამ დროს ალ-დაჰილი და დემანი ჩვენი 21-წლამდელთა ნაკრების ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ჰორიზონტზე ახალგაზრდული ნაკრებების დიდი ტურნირია და მათ შეეძლოთ, ამ ნაკრებში მნიშვნელოვანი როლი ეთამაშათ.
ყველაზე მეტად მაინც ის არ მომწონს, რომ ალ-დაჰილის პოზიციაზე, დაცვის ცენტრში, ეროვნულ ნაკრებში საკმარისად ბევრი მაღალი დონის მოთამაშე გვყავს. ახალგაზრდულ გუნდს კი ის ძალიან სჭირდებოდა“, – აცხადებს ფილიპ ალბერი.
ალ-დაჰილმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა გასულ სეზონში და „ბარნლისთან“ ერთად ინგლისის პრემიერლიგაში დაწინაურდა. დემანმა კი მიმდინარე სეზონში „სერკლ ბრიუგეში“ 36 მატჩი ჩაატარა, შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა და ერთი გოლი გაიტანა.
ამავე დროს, Anderlecht-online-ის ცნობით, „ანდერლეხტის“ ფლანგის მცველი კილიან სარდელა ახალგაზრდული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა, მაგრამ ტრავმირებულია და, როგორც ჩანს, სახლში მოუწევს დარჩენა. ტურნირზე მონაწილეთა საბოლოო შემადგენლობა ნაკრებებმა უეფა-ში 14 ივნისს უნდა წარადგინონ.