ევრო 2022 ფუტსალში | უკრაინის ნაკრების მწვრთნელი - რუსებთან ჩვენი თითოეული ფეხბურთელი გამარჯვების მისაღწევად ყველაფერს გაიღებს #1TVSPORT
4 თებერვალს ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში უკრაინა და რუსეთი ითამაშებენ. ბოლოს ამ ორი ქვეყნის გუნდები ერთმანეთს 1999 წელს შეხვდნენ. ოღონდ დიდ ფეხბურთში:
მაშინ ორივე გუნდი იბრძოდა ევრო 2000-ში მოსახვედრად. ფილიმონოვის შეცდომის წყალობით უკრაინამ რუსეთის გუნდი დაამარცხა და პლეი ოფის საგზური მოიპოვა, რომელშიც სლოვენიასთან დამარცხდა.
ახლა უკრაინა, რომელსაც ბოლო წლებში პოლიტიკური მოვლენების გამო რუსეთთან შეხვედრას თითქმის ყველა ტურნირზე არიდებენ, 17 წლის განმავლობაში პირველად გავიდა ნახევარფინალში და ბუნებრივია, ამ თამაშისადმი განსაკუთრებული მოლოდინშია.
„ვამაყობ ჩვენი გუნდით, რომელმაც უკრაინას 1/4 ფინალში ყაზახეთთან გამარჯვება მოუტანა. მან ეს თავისი ერთგულებით დაიმსახურა. და ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას“, – განაცხადა უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრე კოსენკომ.
კომენტარი გააკეთა თავისი პოლიტიკური გამოსვლებით ცნობილმა უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა:
„საჭიროა საუკეთესო თვისებების დემონსტრირება, დისციპლინის დაცვა და ტექნიკური ნატურალიზებული ბრაზილიელების უპირატესობის განეიტრალება. იგრძნობა, რომ უკრაინის ნაკრებში შესანიშნავი მიკროკლიმატია. დარწმუნებული ვარ, რომ რუსებთან ჩვენი თითოეული ფეხბურთელი გამარჯვების მისაღწევად ყველაფერს გაიღებს“.
უკრაინული გამოცემა „უა-ფუტბოლის“ ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ რუსეთის ნაკრებში ბრაზილიელები აღარ თამაშობენ იმ როლს, როგორც ადრე:
„დასრულდა დრო, როცა რობინიო და ლიმა ამინდს ქმნიდნენ. ლიმამ პირველივე მატჩში ტრავმა მიიღო და სახლში წავიდა, რობინიო კი საუკეთესო თვისებებს ბერ უჩვენებს. რუსეთს გამოცდილი გუნდი ჰყავს. რობინიო 39 წლისაა, პაულინიო – 36, ნანდო – 34. გუნდის კაპიტანი აბრამოვი – 31“.
როგორც ჩანს, ფუტსალის ევრო 2022-ის ნახევარფინალში ძალიან „ცხელი“ დაპირისპირება გველის. მატჩი ხვალ, 4 თებერვალს, თბილისის დროით 19:50 საათზე დაიწყება. ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო პორტუგალია-ესპანეთის ნახევარფინალური შეხვედრის ხილვას 23:00 საათიდან „ტელესკოლის“ ეთერში იქნება შესაძლებელი.