ევრო 2022 | ავთანდილ ასათიანი - ყველას გულზე გვხვდება ეს ანგარიში და მზად ვარ, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღო #1TVSPORT
ევრო 2022 | ავთანდილ ასათიანი - ყველას გულზე გვხვდება ეს ანგარიში და მზად ვარ, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღო #1TVSPORT

ავთანდილ ასათიანმა ევრო 2022-ის ჯგუფურ ეტაპის ბოლო ტურში ესპანეთთან წაგებულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.

აზერბაიჯანთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოგებული მატჩების შემდეგ, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან, ესპანეთის ნაკრებთან 0:8 დამარცხდა.

ესპანეთის ნაკრებმა „დ“ ჯგუფში 7 ქულით პირველი დაიკავა. საქართველო ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ასპარეზობს, ექვსი ქულით მეორე ადგილზე გავიდა და ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია.

მეოთხედფინალში ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქე გათამაშების კიდევ ერთი ფავორიტი, რუსეთის ნაკრები იქნება, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი მოიგო.

„ეს შედეგი ჩემთვის მიუღებელია. ვგულისხმობ ანგარიშს, რადგან ცხრილში რომ ჩავიხედოთ, 6 ქულა და ჯგუფში მეორე ადგილი საქართველოს ნაკრებისთვის ამ ეტაპისთვის ძალიან მაგარი შედეგია. მიუხედავად დღევანდელი დღისა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვამაყობ ჩემი ბიჭებით. თამაშამდე ვთქვი, რომ ცალი თვალი მეოთხედფინალისკენ უნდა გვქონოდა. დისკვალიფიკაციის ზღვარზე მყოფ მოთამაშეებს ყვითელი ბარათები რომ მიეღოთ, ძალიან ცუდი იქნებოდა, რადგან მთელი ძალები მეოთხედფინალში უნდა დავხარჯოთ. ეს ისტორიული თამაში იქნება ჩვენთვის და დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელ მარცხს მალე დავივიწყებთ“, – განაცხადა ავთანდილ ასათიანმა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტრავმირებულებზეც ილაპარაკა და ისიც აღიარა, რომ მეტოქემ ერთი თავით გვაჯობა: 

„მოვსინჯეთ თამაშში ელისანდროს ჩართვა, თუმცა ვერ იყო 100 პროცენტით მზად და აღარ გავრისკეთ. მიკრო ტრავმა ჰქონდა კუპატაძეს და შეცვლა თავად მოითხოვა. ამ შემთხვევაშიც ვერ გავრისკავდით. მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ქულა აგვეღო, მაგრამ გამოჩნდა, რომ ასეთი დონის ნაკრებთან არ ვიყავით მზად მცირე ტრავმების და თავის დაზოგვის ფონზე. უბრალოდ, ძალიან საწყენია და გულზე გვხვდება ყველას ეს ანგარიში და მზად ვარ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღო“.

ევრო 2022-ის საუკეთესო გუნდის ტიტულისთვის ბრძოლას რვა ნაკრები განაგრძობს. მეოთხედფინალში საქართველოს და რუსეთის ნაკრებების შეხვედრა პირველ თებერვალს, ამსტერდამში, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მეოთხედფინალის კალენდარი:

31 იანვარი

20:00 | პორტუგალია-ფინეთი

23:00 | ყაზახეთი-უკრაინა

1 თებერვალი

20:00 | რუსეთი-საქართველო

23:00 | ესპანეთი-სლოვაკეთი